"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირმა ნადირაშვილი განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ელჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძეს სტიქიის დროს ნიაგარას ჩანჩქერზე შვებულების მოწყობაში ამხელს.
ირმა ნადირაშვილის განცხადებით, "14 ივნისს, როდესაც თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულებს ჯერ კიდევ ეძებდნენ, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი, არჩილ გეგეშიძე შვებულებაში გავიდა და ნიაგარას ჩანჩქერზე დასასვენებლად გაემგზავრა."
დეპუტატმა მოუწოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, "ნაციონალური მოძრაობისთვის" მოწოდებული ეს ინფორმაცია სასწრაფოდ გადაამოწმოს და საზოგადოებას დაუდასტუროს ან უარყოს.
"მივმართავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზოგადოებას აღნიშნულის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. დაადასტუროს ან უარყოს ეს ფაქტი, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. იმ შემთხვევაში, თუ ჩენი ინფორმაცია დადასტურდება და ვთვლით, რომ ჩვენი წყარო სანდოა და ელჩი მართლაც გავიდა შვებულებაში, მაშინ მოვითხოვოთ ამ ფაქტს სამინისტრომ შეფასება მისცეს.
ყველასთვის ცნობილია, რომ ასეთ მძიმე დღეებში, ყველა საელჩო საგანგებო მუშაობის რეჟიმზე უნდა ყოფილიყო გადასული. განსაკუთრებით ჩვენი ელჩი სტრატეგიულად პარტნიორ ქვეყანაში. მათ უნდა ეზრუნათ, რომ საერთაშორისო საზოგადოება სტიქიით დაზარალებულებს გვერდში დადგომოდა და რაც შეიძლება მეტი დახმარება მიგვეღო. ასეთ სიტუაციაში ელჩის დასვენება მიუთითებს ღრმა კრიზისზე.
მოვუწოდებთ სამინისტროს სასწრაფოდ გააკეთოს შეფასება, რათა შემდგომშიც არ გაგრძელდეს მსგავსი მოვლენები. მოახდინოს საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება, რომ ახლა მაინც ნორმალური დახმარება გაეწიოს სტიქიის შედეგად დაზარალებულებს", – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ირმა ნადირაშვილის განცხადებას „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება:
" 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისევე როგორც ყველა სამთავრობო უწყება მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე იყო გადასული. საგარეო უწყებამ მყისიერად ჩაატარა, მისი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრული სამუშაოები.
პირველ რიგში ეს გამოიხატა სტიქიის შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებაში და საქართველოში დატრიალებული ტრაგედიის გარშემო ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების თანადგომის კონსოლიდაციაში.
რაც შეეხება კონკრეტულად ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩისა და საელჩოს დღის წესრიგს სტიქიის დღეებში, გაცნობებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ 2015 წლის 14 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი შვებულებაში გაემგზავრა, სიმართლეს არ შეესაბამება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი ბ-ნ არჩილ გეგეშიძე სტიქიის დღეებში იმყოფებოდა ვაშინგტონში და ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობებს. კერძოდ, სტიქიის პირველივე დღეებში მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ინფორმირების მიზნით. ეროვნული გლოვის დღეს – 15 ივნისს, ამერიკაში საქართველოს საელჩომ გაატარა შესაბამისი პროცედურები და იღებდა თანაგრძნობისა და თანადგომის წერილებს.
14 ივნისს ელჩმა შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, სადაც მიაწოდა ინფორმაცია საელჩოში გახსნილი სპეციალური ანგარიშის თაობაზე, სადაც შესაძლებელი იყოს სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მობილიზება. ხოლო 15 და 16 ივნისს მან შეხვედრები გამართა აშშ-ს კონგრესში.
16 ივნისს საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა USAID-ში სტიქიის თაობაზე ორგანიზაციის ინფორმირებისა და მათი მხრიდან შესაძლო დახმარების მობილიზების მიზნით, სწორედ ამ შეხვედრის შედეგად საქართველოში მივლინებული იქნა USAID სპეციალური წარმომადგენელი, რომელმაც პირველადი კონსულტაციები გამართა ქართულ მხარესთან. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო განაგრძობს საქმიანობას თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სარეაბილიტაციო პროცესში ამერიკელი პარტნიორების დახმარების მობილიზების მიზნით."_ ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.