საპარლამენტო უმცირესობის წევრი, სერგო რატიანი თბილისის სტიქიას და ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს დღეს ბრიფინგით გამოეხმაურა.
"ამ დღეებში ჩვენ ყველამ, მოქალაქეებმა, უმძიმესი დარტყმა მივიღეთ.
მინდა მივუსამძიმრო დაღუპული ადამიანების ოჯახებს, ყველას, ვისაც უშუალოდ შეეხო ეს ტრაგედია.
ნებისმიერი ქვეყნისთვის, ნებისმიერი საზოგადოებისთვის, ამ მაშტაბის სტიქიური უბედურება უდიდესი გამოწვევაა. განსაკუთრებით მძიმე გამოწვევაა მთავრობისთვის. მსგავს მოვლენებთან გამკლავება მხოლოდ ერთობით, საზოგადოების თანადგომითაა შესაძლებელი.
მინდა მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს, საჯარო მოხელეებს, მათ, ვინც ამ დღეებში, სიცოცხლის რისკის ფასად, თანამოქალაქეებს დაეხმარა.
ჩვენმა საზოგადოებამ, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ, საოცარი სოლიდარობის მაგალითი გვიჩვენა. ბევრი რამის გადაფასების აუცილებლობა დაგვანახა. როგორც ჩანს, ხელისუფლებას სრულიად ახალი ტიპის სამოქალაქო საზოგადოების დაბადება გამორჩა, ვერ შეამჩნია.
ყველაფრის მიუხედავად, დღეს არანაირი სურვილი არ მაქვს ვილაპარაკო მთავრობის შეცდომებზე.
ამჯერად, მოვუწოდებ მთავრობას, ძალების სრული კონცენტრაცია მოახდინოს და სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ადამიანების დახმარებაზე მიმართოს", _ განაცხადა რატიანმა