აზერბაიჯანული ოპოზიციის ცნობით, ილჰამ ალიევი ფლეგმატური და პოლიტიკური მოღვაწეობისთვის აშკარად მოუმზადებელი ადამიანია, რომელსაც გვიან უყვარს გაღვიძება და რომელიც სამსახურში მხოლოდ შუადღის შემდეგ ჩნდება. ამბობენ, რომ ერთხანს ჰეიდარი პირადად ურეკავდა ილჰამს დილაობით და აიძულებდა სამსახურში სიარულს. იმავე ოპოზიციის ცნობით, ილჰამ ალიევი დღის განმავლობაში მხოლოდ 5 საათი მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში მას ყველაზე მეტად კომპიუტერული თამაშები უყვარს. სამსახურის შემდეგ ალიევი ძირითად დროს თავის მეგობრებთან ერთად ატარებს და ხშირად მათი სამუშაოსგან "განტვირთვა" დილამდე გრძელდება.
ილჰამ ალიევს მისი ოპონენტები ხშირად ახსენებენ მის სისუსტეს კაზინოების მიმართ. ილჰამი კაზინოების ხშირი სტუმარი იყო და ყოველდღიურად ის ასობით ათას დოლარს "რულეტკის" და "ბლეკჯეკის" მაგიდებთან ტოვებდა. 1998 წლის იანვარში, ბაქოს დიპლომატიური სასტუმრო "ევროპის” კაზინოში წარუმატებელი სტუმრობის შემდეგ, ილჰამ ალიევმა უპრეცედენტოდ დიდი თანხა – 6,5 მილიონი ამერიკული დოლარი წააგო და ეს უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა ჰეიდარ ალიევისთვის: მომდევნო დღეს თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნა საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლიც კაზინოების "კრიშად” ითვლებოდა რესპუბლიკაში; ასევე, მთელი აზერბაიჯანის მასშტაბით აიკრძალა კაზინოებისა და სხვა სათამაშო სახლების მუშაობა.
ილჰამ ალიევს ოპოზიცია ხშირად უხსენებს საკუთარი კაპრიზების გამო გადადგმულ არამოტივირებულ გადაწყვეტილებებს. მაგალითად, ბაქოს საგზაო მილიციის მთავარი სამმართველოს უფროსი შირინოვი ალიევმა თანამდებობიდან მხოლოდ იმის გამო მოხსნა, რომ მას არ მოწონდა, როცა საპრეზიდენტო კორტეჟის ქალაქში მოძრაობის დროს, ბაქოს მთავარი "გაიშნიკის” ავტომობილი ალიევის "ლიმუზინის" წინ მოძრაობდა. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით შირინოვი აღდგენილ იქნა თანამდებობაზე და, როგორც ამბობენ, ამ გადაწყვეტილების მიღებაში დიდი წვლილი მიუძღვის ილჰამ ალიევის მეუღლეს, მეჰრიბან ალიევას.
აზერბაიჯანში მიაჩნიათ, რომ ილჰამ ალიევის მეუღლეს, მეჰრიბან ალიევას, თავის ქმარზე გაცილებით მეტი ძალაუფლება და გავლენა აქვს. მეჰრიბან ალიევა პოსტსაბჭოთა და ევროპის სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ პირველ ლედიდ ითვლება, რომელსაც თაყვანისმცემლები "აზერბაიჯანელ სოფი ლორენს” უწოდებენ. მეჰრიბანი ხშირად იღებს მონაწილეობას საკმაოდ პიკანტურ ფოტოსესიებში. გარდა ამისა ის აქტიურად არის ჩართული აზერბაიჯანულ პოლიტიკაში: იგი არის "იუნესკოს" კეთილი ნების ელჩი, აზრებაიჯანის ტანვარჯიშის ფედერაციისა და ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი.
ილჰამ ალიევი ფლობს აზერბაიჯანულ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და თურქულ ენებს. რამდენიმე წლის წინ, "ვიკილიქსის” მიერ გამოქვეყნებულ საბუთებში ამერიკელი დიპლომატების საიდუმლო მიმოწერაში, ილჰამ ალიევი მოხსენიებული იყო, როგორც "მაფიის ნათლიმამა”. დიპლომატების ვერსიით, საგარეო საქმეებში ილჰამი მაიკლ კორლეონესავით დინჯი და გაწონასწორებულია, ხოლო საშინაო საქმეებში ფეთქებადი სანი კორლეონე ხდება.