ლანჩხუთის სამხატვრო სკოლისთვის ვილი ბარამიძის სახელის მინიჭების მოთხოვნით საკრებულოში უკვე შევიდა სკოლის პედაგოგიური კოლექტივის წერილი. შესაბამისად, საკითხი განსახილველად სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიას გადაეცა. ერთი შეხედვით, აქ საპრობლემოც არაფერი იყო, რადგან მხატვრის პიროვნული თვისებებიდან თუ პროფესიული ღვაწლიდან გამომდინარე, კომისიის წევრებს ზედმეტი მსჯელობის გარეშე საკითხი დადებითად უნდა შეეფასებინათ და შემდგომი განხილვისთვის უახლოეს საკრებულოს სხდომაზეც გაეტანათ, თუმცა, ასე არ მოხდა.
როგორც გაირკვა, სამხატვრო სკოლიდან წამოსულ ამ ინიციატივას მოწინააღმდეგეც ჰყავს _ კომისიის თავმჯდომარემ რომან ბიწაძემ ამ ეტაპზე მისი სახელის გასაჯაროებისგან თავი შეიკავა: "სახელის მინიჭების თხოვნით საკრებულოში პედკოლექტივის წერილი შემოვიდა, მას ხელს სკოლის დირექტორი რევაზ ხოფერიაც აწერს. მეც, პირადად, საპრობლემოს ვერაფერს ვხედავ, რომ სამხატვრო სკოლას ვილი ბარამიძის სახელი მიენიჭოს. მას დიდი წვლილი მიუძღვის ამ სკოლის შექმნაში, პიროვნულადაც დადებითი ადამიანი იყო, თუმცა, არსებობს მეორე მხარე, რომელიც ამ ინიციატივას არ ეთანხმება", _ ამბობს ბიწაძე.
"ჩვენც, კომისიის წევრებიც ვეთანხმებით, რომ სამხატვრო სკოლას ვილი ბარამიძის სახელი მიენიჭოს, თუმცა, ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ, რომ საკითხს დადებითი შეფასება მივცეთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან გვაინტერესებს, ვინ არის ის პიროვნება, ვინც ამ ინიციატივის წინააღმდეგია და რა არგუმენტები გააჩნია საამისოდ. ძალიან მინდა, უშუალოდ მისგან მოვისმინო, რას იტყვის, თუმცა, დარწმუნებული ვარ, არანაირი მყარი არგუმენტი მას არ ექნება", _ თქვა დეპუტატმა ამირან ქანთარიამ.