ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მოედანში სუფსის კალაპოტიდან ხრეშის მოპოვებაზე პირველად ლიცენზია 2013 წელს გაიცა. მისი მფლობელი ლანჩხუთელი ილია ებრალიძე გახდა, თუმცა, მოსახლეობის პრინციპული მიდგომიდან გამომდინარე, მას არ მიეცა საშუალება საქმიანობა ეწარმოებინა. შემდეგ ლიცენზია ერთ-ერთმა ჩინურმა კომპანიამ შეიძინა, ადგილზე შესაბამისი ტექნიკაც მიიყვანა, მაგრამ უშედეგოდ _ ადგილობრივი მოსახლეობა კატეგორიულად შეეწინააღმდეგა აქ კარიერის არსებობას. 29 ივნისს სოფელში კვლავ გამოჩნდნენ კომპანიის წარმომადგენლები სათანადო ტექნიკასთან ერთად.
დეპუტატ ნონა მურვანიძის ინფორმაციით, რომელიც ჩოჩხათის ადმინისტრაციის მცხოვრებია, საკუთარი თვალით ნახა, როგორ ემზადებოდნენ კარიერზე სამუშაოების დასაწყებად. მურვანიძის თქმით, საკითხს, კანონის შესაბამისად, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა მოევლოს და მოსახლეობა არ უნდა გახდეს იძულებული, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები ჩაიდინოს:
"მიუხედავად არაერთი პროტესტისა, სოფელ მოედანში ჩინურმა კომპანიამ ისევ განაახლა კარიერზე მუშაობა. მაინტერესებს, რამდენადაა საქმის კურსში ადგილობრივი ხელისუფლება და რა ზომების გახორციელებას აპირებს ამასთან დაკავშირებით? საინტერესოა, ამ კარიერის მუშაობით რა შეღავათი აქვს უშუალოდ სოფელს? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სველი კარიერია. საინტერესოა ისიც, როგორ შეძლო კომპანიამ ლიცენზიის მოპოვება, მაშინ, როცა ყველა პირობა დარღვეულია და სამუშაოები არანაირ სტანდარტს არ ექვემდებარება?! დროა, გამგეობის ზედამხედველობის სამსახურმა საკითხს ყურადღება მიაქციოს და სათანადო რეაგირება მოახდინოს, თორემ სოფლები ინგრევა. ძალიან ცუდი მდგომარეობაა ხორეთში, უშუალოდ მოედანშიც და საბოლოოდ, მივიღებთ მოსახლეობისგან დაცლილ სოფლებს. კარგად ვნახეთ, რაც მოხდა თბილისში და ამაზე, კარგი გაგებით, განგაშია ასატეხი", _ ამბობს ნონა მურვანიძე.
აღნიშნული პრობლემა ნაცნობია ჩოჩხათის მაჟორიტარი დეპუტატისთვის, ალექსანდრე სარიშვილისთვისაც, რომელიც მანამდე სოფლის რწმუნებული იყო და მოსახლეობასთან ერთად არაერთხელ გაუპროტესტებია აქ კარიერის არსებობა: "მე ყოველთვის მოსახლეობის გვერდით ვიდექი. ლიცენზია 2013 წელსაა გაცემული და მოსახლეობამ მაშინ მის მფლობელს არ მისცა სამუშაოების წარმოების ნებართვა. იმ პერიოდში სოფლის რწმუნებული ვიყავი. ახლა, ეს ლიცენზია ერთ-ერთმა ჩინურმა კომპანიამ შეიძინა. ჩვენ მასაც არ მივეცით უფლება დაეწყო სამუშაოები, თუმცა, ახლა მითხრეს, რომ ისევ გამოჩნდნენ მოედანში ამ კომპანიის წარმომადგენლები ტექნიკის თანხლებით. ეს საკითხი ნამდვილად არ დარჩება ყურადღების მიღმა და არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ ვინმეს უფლებას, კარიერზე სამუშაოები განაახლოს. მით უმეტეს, რომ არსებობს პრემიერ-მინისტრის ბრძანებულება, რომლითაც მდინარის კალაპოტიდან პირდაპირი ხაზით 20-კილომეტრიან ზოლში არც ერთ კარიერს არ აქვს ფუნქციონირების უფლება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოპოვებულ ხრეშს ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის გამოიყენებს. აღნიშნული კარიერი არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს. ყველა სათანადო დოკუმენტაცია მოპოვებული მაქვს და შესაბამისი ინსტანციებისთვის გადაგზავნილი. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ფირმას გაუუქმდეს ლიცენზია", _ ამბობს ალექსანდრე სარიშვილი.