ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიის და საზოგადოების წარმომადგენლებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის შესახებ ახალი ინფორმაციები მიაწოდეს.
პროექტ "ერთად შევეგებოთ ევროპას" ექსპერტის თამარ ხურციას თქმით, ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრი გააგრძელებს 2015 წლის საინფორმაციო კამპანიას, რომლის მიზანია მოქალაქეებს გაუმარტივდეთ ინფორმაციის მიღება საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის შესახებ.
ჩართულობის ცენტრში ასევე მოეწყო ფილმის ჩვენება. ნაჩვენები იქნა თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტურიფილმი "მოგზაურობა ევროპაში".
თამარ ხურციამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრი დაინტერესებულ პირებს, მათ შორის მოსწავლეებს, სტუდენტებს, სოფლად მცხოვრებლებს, ექსპერტებსა და ბიზნესმენებს სთავაზობს ყოვლისმომცველ ინფორმაციას ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის შესახებ.
მიმდინარე წელს ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრის ავტობუსი იმოგზაურებს საქართველოს ყველა რეგიონში და ესტუმრება 140 სკოლას.
შეხვედრის დასასრულს დარბაზში მყოფ საზოგადეობას გადასცეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოცემული წიგნი "მოდი, გავიცნოთ ევროპა".