საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის ვიცე-გუბერნატორს ჰუანგ ვეის შეხვდა.
დავით უსუფაშვილის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მეგობარი ჩინეთიდან მრავალი დელეგაცია ეწვია, მათ შორის, ერთიანი ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის (პარლამენტის) მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჩენგ ჩანგჩი, რომელიც ქვეყანას ივნისში სტუმრობდა.
მისივე განცხადებით, საქართველო მონდომებულია, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები თვისობრივად მაღალ დონეზე ავიდეს და ვიზიტების გაცვლის აქტიური ტენდენცია შენარჩუნდეს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველო მნიშვნელოვანი რეგიონული კვანძია, რომელიც ევროპას და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს.
შეხვედრაზე ისაუბრეს მიმდინარე წლის 15-16 ოქტომბერს დაგეგმილ "თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმზე. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ფორუმი საქართველოსა და ჩინეთის მიერ კონკრეტული პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.
პროვინცია სინძიანის ვიცე-გუბერნატორის განცხადებით, მისი სტუმრობა საქართველოში მიზნად ისახავს "თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმის მოსამზადებელი სამუშაოების წარმართვას, საქართველოში არსებული ჩინური კომპანიების მონახულებას და მათი საქმიანობის ხელშეწყობას. მისივე თქმით, მათ ქვეყანას სურს, ჩინურმა კომპანიებმა საქართველოში მოცულობითი და წარმატებული ინვესტიციები განახორციელონ, როგორც ეს ჰუალინგ ჯგუფის შემთხვევაში მოხდა. ჰუანგ ვეიმ პარლამენტის, როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს როლის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტი შესაბამისი კანონმდებლობით უზრუნველყოფს უცხოური კომპანიებისა და მათი საქმიანობის დაცვას საქართველოში.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზეც. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყნის საგარეო მიმართულება ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციაზეა ორიენტირებული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო აღმოსავლელ პარტნიორებთან კავშირს წყვეტს. პირიქით, ქვეყანა მზადაა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისგან მიღებული სარგებელი მეგობარ ქვეყნებსაც გაუზიაროს.
დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ქართველი ერი სულ უფრო მეტად გრძნობს ჩინეთის თანადგომას და ეს კარგად გამოჩნდა 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების დროს, როდესაც ჩინეთის წითელი ჯვრის საზოგადოებამ და საქართველოში არსებულმა ჩინურმა კომპანიებმა სტიქიით დაზარალებულებს ფინანსური დახმარება გაუწიეს. პარლამენტის თავმჯდომარემ მწუხარება გამოთქვა გასულ ღამეს სინძიანის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.
ჰუანგ ვეიმ დავით უსუფაშვილი ვიზიტით სინძიანში მიიწვია.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პროვინცია სინძიანის ვიცე-გუბერნატორთან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე ესწრებოდა.