"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭომ დღეს პარტიის აღმასრულებელი მდივანი აირჩია. აღნიშნულ თანამდებობაზე სულ ორი კანდიდატი – გიორგი ვაშაძე და სერგო რატიანი იყვნენ დარეგისტრირებულები, სადაც 28 ხმით სერგო რატიანმა გაიმარჯვა.
სერგო რატიანმა თანაგუნდელებს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღევანდელი არჩევნები პარტიაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების დადასტურება იყო.
"მეამაყება, რომ ჩემი კონკურენტი გიორგი ვაშაძე იყო. ახლა ჩვენი პრიორიტეტი პარტიის განვითარებაა და ამისთვის საჭიროა ღირსეულ პროგრამაზე შეჯერება.
ქვეყანა მნიშვნელოვან კრიზისში იმყოფება და ეს უნდა დაიძლიოს. დღევანდელი მთავრობა უნდა გადადგეს და ახალი არჩევნებისთვის დავიწყოთ მზადება" – განაცხადა დეპუტატმა.
სერგო რატიანს ენმ-ს აღმასრულებელ მდივნად დანიშნვა მიულოცა გიორგი ვაშაძემ. როგორც მან აღნიშნა, ამ მომენტისთვის უმნიშვნელოვანესია პარტიის ერთიანობა.
"სერიოზული დისკუსია იყო იმ ცვლილებებთან და სიახლეებთან დაკავშირებით, რომელიც ნამდვილად საჭიროა პარტიაში. იმედი მაქვს ბოლომდე გავაგრძელებთ მუშაობას რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს. ბრძოლა გრძელდება და მთავარი ბრძოლა არის წინ, რათა პარტია გახდეს ყველაზე ღია პლათფორმა. მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად და აუცილებლად მივაღწევთ საბოლოო წარმატებას" – განაცხადა ვაშაძემ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღევანდელი არჩევნები შეაფასა და აღნიშნა, რომ ის დემოკრატიული პროცესების სრული დაცვით გაიმართა. მისივე თქმით, ამის შემდეგ პარტია უფრო გაძლიერებული, განახლებული და მათლიანებულია,
" დარწმუნებული ვარ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რჩება იმ პოლიტიკურ ძალად, რომელიც საზოგადოებას შესთავაზებს ერთის მხრივ წარსულ გამოცდილებას თუ როგორ განვითარდეს ქვეყანა და მეორეს მხრივ წარსულის ანალიზს ყველაფერთან დაკავშირებით, რაც წინა წლებში მოსწონდა, ან არ მოსწონდა. ჩვენ ვჯანსაღდებით, ვძლიერდებით და პარტია რჩება დღევანდელი ხელისუფლების ერთადერთ ალტერნატივად, რომელსაც შეუძლია ქვეყანა წინ წაიყვანოს" – განაცხადა დავით ბაქრაძემ.