თბილისის მერია დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოყვა, განცხადებას ავრცელებს.
"თბილისის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დღეს თბილისში, ბიძინა კვერნაძის ქ.N10-ში დემონტაჟის სამუშაოებისას მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რასაც ადამიანთა სიცოცხლე ემსხვერპლა და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანია "კონსტრაქშენ გრუპი" შენობის დემონტაჟის სამუშაოებს აწარმოებდა. ბიძინა კვერნაძის ქ. N10-ში შპს "ტიფლის ბიზნეს ცენტრის" კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ნებართვა თბილისის არქიტექტურის სამსახურმა 2014 წლის 29 აგვისტოს გასცა.
იმის გამო, რომ ჩასატარებელი სამუშაოები მიეკუთვნებოდა IVკლასს, თბილისის არქიტექტურის სამსახურმა სამუშაოების დაწყებამდე კომპანიას დაავალა, წარმოედგინა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, კონსტრუქციული პროექტი, რომელიც შედგება შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის დეტალური პროექტისაგან (მათ შორის, ფუძე-საძირკვლისაგან), "მშენებლობის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის N57-ე დადგენილებით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთის კვლევა, აგრეთვე, მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი და სავალდებულო საექსპერტო შეფასება, რომელსაც ასევე, საქართველოს მთავრობის N57-ე დადგენილება ითვალისწინებს.
კომპანიის მიერ წარმოდგენილ იქნა ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს მან შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო. ამასთან, კომპანია ვალდებული იყო, რეკონსტრუქციის სამუშაოები სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნათა სრული დაცვით და შეთანხმებული დოკუმენტის დარღვევის გარეშე ეწარმოებინა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. თბილისის მერია იმედოვნებს, რომ გამოძიება უახლოეს პერიოდში დაადგენს შენობის ჩამონგრევის მიზეზს და დამნაშავე პირები კანონის შესაბამისად დაისჯებიან."-ნათქვამია განცხადებაში.