აიკრძალოს ანტისასახელმწიფოებრივი ორგანიზაციები, – ამ მოთხოვნით დღეს რუსთაველის გამზირზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ოფისთან სხვადასხვა ტაძრების მრევლმა და სასულიერო პირებმა მშვიდობიანი ლოცვითი აქცია გამართეს.
სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს.
"მართლამადიდებელ მშობელთა კავშირის" თანათავმჯდომარემ ავთანდილ უნგიაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების მიერ დაფინანსებული რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში გარყვნილების დაკანონებას უწყობენ ხელს.
უნგიაძე მიიჩნევს, რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გამოხატავს არა საზოგადოების, არამედ თავიანთი დამკვეთის აზრს და წარმოადგენენ უცხო ქვეყნების აგენტურას საქართველოში.
უნგიაძის აზრით, ასეთი ორგანიზაციების ქმედება ანტისახელმწიფოებრივია, რაც ქვეყანას ფიზიკურ და ზნეობრივი გადაგვარებას უქადის.
"რატომ არ იწვევენ განხილვების დროს სხვა არასამთავრობოებს? მხოლოდ რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას ენიჭება უპირატესობა. საკანონმდებლო ინიციატივის დაყენებისა და მონიტორინგის უფლება რამოდენიმე პრივილეგირებულ ორგანიზაციას აქვს. ბალანსი არ უნდა იყოს დარღვეული. ერთი მუჭა ხალხია და მთელი საზოგადოების სახელით გამოდინ. " – აღნიშნა ავთო უნგიაძემ.
დეკანოზ დავით ქვლივიძის თქმით, კი ქვეყანაში ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა არსებობდეს, რომელიც ხალხისგან ფინანსდება, ხალხის ინტერესებს გამოხატავს და არა – უცხო ქვეყნისა .
დეკანოზი მიიჩნევს, რომ ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებები ანტიეკლესიური, ანტიეროვნული და ტრადიციების წინააღმდეგ არის მიმართული და ზოგადად ანტიადამიანურია.
მისი აზრით, ასეთი არასამთავრობოების მოქმედება უნდა შეიზღუდოს.
აქციის მონაწილეებმა გაავრცელეს მიმართვის ტექსტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოითხოვენ უცხო ქვეყნების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას, რომელიც მიმართულია ეროვნული ფასეულებებისა და ღირებულების წინააღმდეგ.
აქციის მონაწილეები მსვლელობით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისისაკენ გაემართნენ, სადაც კიდევ ერთი აქციის ჩატარებას გეგმავენ.