საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ივნისის # 1381 განკარგულებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 2 მილიონ 600 ათასი ლარი გამოეყო. საუბარია გასული წლის სექტემბრის თვეში მოვარდნილი ღვარცოფის შედეგად მიყენებული ზარალის აღდგენითი სამუშაოების მეორე ეტაპზე.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის ლევან ჩხაიძის ინფორმაციით, აღნიშნული თანხებით ოთხი პროექტი განხორციელდება.
"ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ წყალწმინდის შიდა სასოფლო გზაზე ხიდის მშენებლობაზე დაიხარჯება 471 323 ლარი, ხოლო შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა გზის აღდგენითი სამუშაოებისა და სანიაღვრე არხების გაწმენდა-მოწყობისთვის – 24 067 ლარი. ორივე ეს პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება.
რაც შეეხება აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე სუფსაზე ნაპირსამაგრის მოწყობას, ამ პროექტის ღირებულება 2 390 870 ლარია, თუმცა, წელს საპროექტო სამუშაოების 55% განხორციელდება 1 315 000 ლარის ღირებულებით.
ანალოგიურად ეტაპობრივად მოხდება აცანის ადმინისტრაციულ ერთეულში ადმინისტრაციული შენობის უკანა მხარეს დამეწყრილი მონაკვეთისა და ამ მონაკვეთზე არსებული საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები. პროექტის ღირებულება 1 228 366 ლარია, აქედან მიმდინარე წელს 789 610 ლარის დახარჯვაა დაგეგმილი", -განაცხადა ლევან ჩხაიძემ.