აზერბაიჯანულ-თურქული კომპანია "ტურალი"-ის თხილის გადამამუშავებელი საწარმო სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გურიის მხარეში გია სალუქვაძემ ქალაქ ოზურგეთის მერთან, ბეგლარ სიორიძესთან და კომპანიის დამფუძნებლებთან ერთად გახსნა.
კომპანიამ აღნიშნულ ბიზნესში 200 ათასი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. თხილის გადამამუშავებელი საწარმო , პირველ ეტაპზე, 2 000 ტონა თხილს მიიღებს, გადაამუშავებს და საექსპორტოდ გაგზავნის. საწარმოს დამფუძნებლებმა: ასიფ კურბანიმ, მუსტაფა ფოირაზიმ და ლაშა მექვაბიშვილმა, გუბერნატორსა და ქალაქის მერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით ოზურგეთში, გურამიშვილის ქუჩაზე აშენდა და აღიჭურვა.
"საწარმოში, პირველ ეტაპზე, 60 ადამიანი დასაქმდება. თითოეულის ხელფასი კი 450 ლარამდე იქნება. საწარმო ექსპლუატაციაში თხილის სეზონის დაწყებისთანავე შევა. "მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. დღეიდან ოზურგეთს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა ექნება. დასაქმდებიან ადგილობრივები და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ხელს შევუწყობთ ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარებას. მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანულ-თურქულ კომპანია "ტურალი"-ს დამფუძნებლებს და მათ წარმატებები ვუსურვო. მსგავსი ტიპის ინიციატივებს და პროექტებს ჩვენ მაქსიმალურად მხარს დავუჭერთ"- განაცხადა გია სალუქვაძემ.