ხელისუფლებისა და სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნისა და ხურვალეთის ტერიტორიაზე ე.წ. "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააპროტესტეს. ისინი ადგილზე ჩავიდნენ და კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებას უშუალოდ გაეცნენ.
ინტერნეტპორტალ "ქართული მედია ჯგუფის" ინფორმაციით, ბანერების მონტაჟის საფუძველზე სოფლის კუთვნილი მიწების დაახლოებით 70% ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა.
ხურვალეთის მცხოვრებლებს ბანერის მიღმა დარჩენილ ტერიტორიაზე 10 ჰექტარზე მეტ ფართობზე ხორბალი და ქერი აქვთ დათესილი. მის ასაღებად რუსულმა მხარემ ორდგიანი ვადა მისცა. სახნავ-სათესი ფართობების გარდა, ადგილობრივებმა სოფლების საძოვრებიც დაკარგეს.
ახლად დამონტაჟებულ აბრებს ავტომაგისტრალამდე 450 მეტრი აშორებს. სამოქალაქო საზოგადოების შეფასებით, კრემლი კარგად დამუშავებული გეგმის მიხედვით განაგრძობს მოქმედებას.
არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავდნენ, რომ პროცესის შესაჩერებლად საქმოქალაქო სექტორის გააქტიურებაა აუცილებელი და ქვეყნის ტერიტორიების დასაცავად თითოეული მოქალაქე უნდა გამოვიდეს.
სოფელ ხურვალეთის სახნავ-სათეს ფართობებში რუსეთის მესაზღვრეები და დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლები პარასკევს საღამოს გამოჩნდნენ.
კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებები გაავრცელეს საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა.
შსს აღნიშნულ ქმედებას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს, რომელიც მიმართულია სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ და საფრთხეს უქმნის ადგილზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კი რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს მიიღოს ზომები მის აღსაკვეთად და მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო შეფასება მისცენ ამ ნაბიჯს, რომელიც ადგილზე უსაფრთხოებისა და მშვიდობის წინააღმდეგ არის მიმართული და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხის დაყენებას მთელი სიმწვავით აპირებს გაეროსა და ეუთოში, ასევე გეგმავს ყველა შესაბამისი საერთაშორისო ბერკეტის გამოყენებას იმისათვის,რომ რუსეთის პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩეს.