საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამინისტროში მიმდინარე საკადრო ცვლილებებზე კომენტარს აკეთებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დავით სერგეენკომ განუცხადა, გაიოზ თალაკვაძის მიერ მინისტრის მოადგილის პოსტის დატოვება ურთიერთშეთანხმებით მოხდა. სერგეენკოს თქმით, თალაკვაძის შემცვლელის პოსტზე რამდენიმე კანდიდატზე მიმდინარეობს მსჯელობა, თუმცა დღეის მდგომარეობით, კონკრეტული შემცვლელი გამოკვეთილი არ არის.
მინისტრის განცხადებით, გაიოზ თალაკვაძემ სამინისტროში მუშაობის პერიოდში მნიშვნელოვანი და საკმაოდ მძიმე სამუშაო შეასრულა. ხელმძღვანელობდა სოციალური მომსახუროების სააგენტოს რამდენიმე თვის განმავლობაში კი მინისტრის მოადგილის პოზიციაზე იმუშავა.
"ამ პერიოდში მან მართლაც ბევრი მნიშვნელოვანი შედეგის დადება შეძლო, თუმცა ასეთი ტიპის სამუშაოები ხშირად მოითხოვს აქტივების ცვლილებას და სწორედ ეს ცვლილება განხორციელდა ბოლო დღეებში. ეს იყო ურთიერთშეთანხმებით, ორივემ ერთად ცივილურად გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესი იქნებოდა ასეთი მოვქცეულიყავით", – განაცხადა დავით სერგეენკომ.
რაც შეეხება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თამარ ბოდოკიას საკითხს, მინისტრის ინფორმაციით, თამარ ბოდოკია ამჟამად შვებულებაშია.
"რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საზოგადოების და მედიის ინტერესი ჯანდაცვის სამინისტროს შიდა საკადრო გადაადგილებებზე. თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო, ვერ ვიხსენებ ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც ამ წლების განმავლობაში, მაგალითად, ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სამჯერ შეიცვალა, არავის უკითხავს ამაზე, ამ დროს ეს არის პოლიტიკის განმსაზღვრელი მთავარი დეპარტამენტი.
ასევე არავის უკითხავს ჩემთვის სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე, რომელიც ასევე სამჯერ შეიცვალა. ეს ქვეყნის ბიუჯეტის მესამედის მხარჯველია. რაც შეეხება, მედიის ინტერესებს, არ ვიცი, ალბათ, მათ აქვთ ამის მიზეზი. თუმცა ბოდოკია დღეის მდგომარეობით შვებულებაშია. როდესაც გამოვა შვებულებიდან, გადავწყვეტთ შემდგომში როგორ გავაგრძელებთ", – განაცხადა დავით სერგეენკომ.