"სტიქიისგან მიყენებული ყველანაირი ზარალი შეიძლება ანაზღაურდეს, მაგრამ ვერაფერი აანაზღაურებს ადამიანთა სიცოცხლეს და იმ ტკივილს, რაც მათი დაკარგვით მოგვადგა ყველას" _ ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისს მომხდარი სტიქიის ამსახველი ფოტოგამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის მეთაურმა თბილისის ტრაგედიის დროს გამოჩენილი სოლიდარობისა და თანადგომის მაგალითები გაიხსენა. მისი თქმით, დიდმა ტრაგედიამ, საზოგადოების დიდი ძალა დაგვანახა– ქვეყნის ერთიანობის, სოლიდარობის და კონსოლიდაციის ძალა.
"ჩვენ მომსწრენი გავხდით უამრავი იტორიისა, ერთი შეხედვით, თითქოს ჩვეულებრივი, ადამიანური და მოქალაქეობრივი ისტორიის, მაგრამ სინამდვილეში ეს ასეულობით გმირობის მაგალითია, რომელიც აუცილებლად შევა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. შეუძლებელია თითოეული მათგანის ჩამოთვლა, თითოეული ისტორიის მოყოლა, ზოგის სახელიც კი არ ვიცით, მაგრამ ვიცით მისი ისტორია, სოლიდარობის და უდიდესი თანადგომის ისტორია,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა სამაშველო სამსახურს და ყველა იმ სტრუქტურას, ვინც ჩართული იყო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ქართველ და უცხოელ მოხალისეებს, ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფებს, მეგობარ ქვეყნებს…
"მთელმა ქვეყანამ დაინახა, რომ მათ რიგებში გმირები მსახურობენ. მათ ათეულობით ჩვენი მოქალაქე გადაარჩინეს წარმოუდგენელი რისკის ფასად, არ უფიქრიათ საკუთარ სიცოცხლეზე. რომ არა ამ ბიჭების თავგანწირვა, მსხვერპლი კიდევ უფრო მეტი იქნებოდა..
სამწუხაროდ, დაგვეღუპა ერთი მაშველი. მე ქედს ვიხრი მისი ხსოვნის წინაშე.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ იმ მძიმე წუთებში სამინისტროები, მერიის უწყებები შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებდნენ და გამოავლინეს მაღალი პასუხისმგებლობა,“–აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.
მისივე განმარტებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს დაზარალებულთათვის ცხოვრების ღირსეული პირობების შესაქმნელად, რათა ისინი თანდათან დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
ირაკლი ღარიბაშვილმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სტრუქტურების თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს 30-მდე თანამშრომელი კი სახელმწიფო ჯილდოზეა წარდგენილი. 13 ივნისს მომხდარი სტიქიის ამსახველ ფოტოგამოფენაში „13 ივნისი“ მონაწილეობა მიიღო 24 ფოტოგრაფმა.