ხვალ, დილის 7 საათიდან ქალაქ ოზურგეთში გურიის ქუჩაზე, ე.წ. ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასწლოვანი ჭადრები ხეების მოჭრას აპირებენ, _ ამის შესახებ "გურია ნიუსს" ქალაქ ოზურგეთის ბაზრიდან აცნობეს.
"გაგვაფრთხილეს, რომ დილიდან მოჭრას დაიწყებენ, ხვალ არ გამოხვიდეთ სამუშაოდო, ამაზე უკეთესი რა უნდა გააკეთონ, ეს რას ნიშნავს? ასწლოვან ხეებს რომ მოჭრი, არ ვიცით, რა ხდება, ამას რომ მოსახლეობა დაინახავს მოეწონება? ვითომ ალამაზებენ აქაურობას, ღებავენ ფასადებს და ჭრიან ასწლოვან ჭადრებს?! რის ხარჯზე კეთდება ეს? დაგვეხმარეთ, რამე თუ შეგიძლიათ", _ უთხრეს "გურია ნიუსს" ბაზრის მოვაჭრეებმა.
"გურია ნიუსი" ინფორმაციის გადამოწმებას ადგილზე შეეცადა. რამდენიმე წუთის წინ ძველი ბაზრის ტერიტორიაზე ოზურგეთის სერვისცენტრის დირექტორი, ვლადიმერ სალუქვაძე და ქალაქ ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი შუქრი გაბრიჩიძე აღნიშნულ იმყოფებოდნენ.
ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი შუქრი გაბრიჩიძე "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ ჭადრების მოჭრა აუცილებელია.
"ვფიქრობთ, როგორ განვახორციელოთ მოჭრა, დენი გვიშლის ხელს, ყველაფერი გადაღებულია, დასურათებულია.. ნებართვა გვაქვს, ფაქტიურად ჭადრები უფუნქციოა, გაფუჭებულია. ფესვებში წყალი არ გადის, დაზიანებულია. შეიძლება ერთხელაც ისე მოხდეს, რომ ვინმე შეიწიროს", _ამბობს გაბრიჩიძე.