ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორი თვის წინ შექმნილი ფრაქცია დაიშალა. საკრებულოს სხდომაზე, სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის ეროდი გორდელაძის განმარტებით:- "საკრებულოს წევრმა ტიტე მგელაძემ , რომელიც აღნიშნული ფრაქციის წევრი გახლდათ, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა ფრაქცია, რის შედეგადაც ფრაქციაში დარჩა ორი წევრი. კანონმდებლობის შესაბამისად ფრაქცია უნდა შედგებოდეს მინიმუმ სამი წევრისაგან, ამიტომაც ფრაქცია "ეროვნული ფორუმი" გაუქმებულად გამოცხადდა".
საკრებულოს დეპუტატის ლელა ნაცვალაძის თქმით, ამ ფრაქციის შექმნა თავიდანვე შეცდომა იყო.
ორი თვის წინ შექმნილი ფრაქცია დაიშალა იმის გამო, რომ შეიქმნა უკანონოდ და ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ შემდგომში. – თქვა ლელა ნაცვალაძემ.
ნაცვალაძის რეპლიკას ეროდი გორდელაძე ასე გამოეხმაურა: _ "რაც მოგადგება ენაზე, ნუ ჭარტალებ, ქალი ხარ. არაფერი უკანონოდ არ მომხდარა".
ფრაქციის თავმჯდომარე, ბონდო ღლონტი ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ მისთვის ცნობილი არ არის თუ რატომ დატოვა ტიტე მგელაძემ ფრაქცია.
-"ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდა. მეტი რა უნდა ვთქვა, ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება და შემოიტანა განცხადება ფრაქციიდან წასვლის თაობაზე. როგორც ნაძალადევი ცოლ-ქმრობა არ ვარგა, ისე ფრაქციის წევრობაც მიუღებელია." – გვითხრა ბონდო ღლონტმა.
ტიტე მგელაძე კი ჩვენთან საუბრის დროს ამბობს: ფრაქცია “ეროვნული ფორუმის“ გამო დავტოვე, სახელწოდება იყო "ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმი“ და აქედან გამომდინარე მივიღე ეს გადაწყვეტილება, მეტი აქ არაფერი არ იყო. თან ჩემი საქმეები მაქვს და ფრაქციის დრო არ მქონდა."- თქვა ტიტე მგელაძემ.