თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ახვლედიანის სამდივნო ადასტურებს, რომ აკაკი კარტოზია მათ აპარატში, სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობს.
კარტოზიას დაკავებასთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სამდივნო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდართან თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არანაირი კავშირი არ აქვს.
"აკაკი კარტოზია სამსახურებრივ მოვალეობებს ყოველთვის კეთილსინდისიერად ასრულებდა და საკრებულოში მუშაობის პერიოდში მას შენიშვნა არ მიუღია. ამასთანავე მოგახსენებთ, რომ აკაკი კარტოზიამ მიმდინარე წლის მაისში მონაწილეობა მიიღო საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო გამოცდაში. მან ვერ გადალახა ბარიერი, რის გამოც, კანონის თანახმად, 14 აგვისტოს დაკავებული თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს. კარტოზიას დადებითი დახასიათების მიუხედავად, კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია. შესაბამისად, თუ სამართალდამცავი ორგანოების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად მისი ბრალი დადასტურდება და იგი დამნაშავედ იქნება აღიარებული, ეს სამწუხარო ფაქტი იქნება და მან კანონის წინაშე აუცილებლად პასუხი უნდა აგოს", – ნათქვამია განცხადებაში.