19 ივლისს ჩოხატაურში "გურია ნიუსის" ოფისში, ივლიტას სახელობის ბიბლიოეთეკის გახსნას, განათლების და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრო. მინისტრმა ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა.
თამარ სანიკიძე: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქველმოქმედო აქციაში აქტიურად ჩაერთნენ გამომცემლობები: "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", "მერიდიანი", "კლიო" "სიდი", "ტრიასი", "გაზეთი საქართველოს მაცნე", "შემეცნება", "წყაროსთვალი", "ქართული ბიოგრაფიული ცენტრი", "ოცდამეერთე", "პედაგოგიკა," "ინგლისური წიგნი საქართველოში"(მაკმილანი).
_ ქალბატონო თამარ, თქვენ იმყოფებოდით ივლიტას ბიბლიოთეკის გახსნაზე. როგორია თქვენი შთაბეჭდილებები?
__ მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია, რაც გაკეთდა და თან ეს მოხდა ძალიან მცირე დროში. მიუხედავად იმისა, რომ დიდი უბედურება დატრიალდა, შედეგი რომელიც ამ ტრაგედიას მოყვა, არის ძალზე მნიშვნელოვანი. ამ ხალხის გაერთიანება ერთი იდეის ირგვლივ, ერთმანეთის დახმარების სურვილი ზუსტად იმის გაგრძელებაა, ის რაც გაკეთდა გურიაში. ცენტრის შექმნაში და გამართვაში უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას მოქალაქეები, კერძო პირები, ახალგაზრდები. თავისი ხელით შეაკოწიწეს და გახსნეს ბიბლიოთეკა. მე ვფიქრობ ამას ექნება ძალიან დიდი დატვირთვა, ეს სივრცე კარგად იქნება გამოყენებული.
_ თქვენი აზრით, რა მიმართულებით უნდა გაგრძელდეს მომავალში ცენტრის საქმიანობა?
– ეს უნდა იყოს მუდმივად ცოცხალი ადგილი. ამ ადგილს კი გააცოცხლებენ ზუსტად ის ახალგაზრდები, რომლებიც გურიაში მოღვაწეობენ. არა მარტო ისინი, არამედ სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულებიც. რაც შეეხება იმას, რომ ცენტრმა არ უნდა დაკარგოს თავისი ფუნქცია და იყოს ყოველთვის ცოცხალი, ზუსტად ამ ადამიანებზე არის დამოკიდებული. ამ ადამიანებს კი კარგი იდეების განხორცილებაში ჭირდება მხარდაჭერა და გვერდში დგომა. მინდა გითხრათ, რომ ამისთვის ყოველთვის მზად ვიქნებით, ეს იქნება პროგრამების გადმოცემა, ლიტერატურული წიგნები, სხვადასხვა აქტივობები.
_ 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ ქართველი ახალგაზრდების სოლიდარობის შესახებ უცხოური მედია ხშირად წერდა. თქვენ რას გვეტყოდით, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე.
_ აი ამ სოლიდარობის გაგრძელება იყო ზუსტად ის, რაც გაკეთდა ჩოხატაურში. ეს უნდა გაგრძელდეს. ამ ერთიანობის შედეგია სწორედ ივლიტას ბიბლიოეთეკაც. ამას მომავალშიც თუ ექნება გაგრძელება, არაჩვეულებრივი იქნება.
_ ქალბატონო თამარ, თქვენ იმყოფებოდით ოზურგეთში, ბაილეთის საჯარო სკოლაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოები მოინახულეთ. რა სიახლებს უნდა ველოდოთ ახალი სასწავლო წლიდან?
_ გურიაში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, 30 საჯარო სკოლის გარემონტება ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე.
ასევე ზოტის, შუა ამაღლებას და ჭანიეთის საჯარო სკოლის შენობების მშენებლობა დაიწყება 2015 წელს. ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი სიახლე, რაც წელს იქნება არამარტო გურიაში, არამედ მთელ საქართველოში, ეს არის პედაგოგების პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელმაც მთლიანად უნდა შეცვალოს სასკოლო ცხოვრება.