ლანჩხუთის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა ასკურავა და მისი თანაპარტიელი, მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი გია გოაგუაძე გუშინ დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელის გოგი გეგიაძის მხრიდან მათი მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე პრესის საშუალებით პასუხის გაცემას არ აპირებენ.
"დღეს ქვეყანაში არსებული საერთო სიტუაციიდან გამომდინარე ვთვლით, რომ ახლა არ არის იმის დრო, ერთმანეთს რამე ვუმტკიცოთ. აქედან გამომდინარე, არც ერთი გაზეთის საშუალებით აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებთ, უბრალოდ უშუალოდ ბატონ გოგის ვნახავთ და ადამიანურად დაველაპარაკებით." -განაცხადეს მათ.
საქმე ისაა, რომ გუშინ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე გეგიაძემ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ბიუროს მისამართით ცრუ ბრალდებებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ აბსურდია, თითქოს ბიურო რომელიმე გაზეთს იმიტომ ურიცხავს თანხას, რაიმე კრიტიკული არ დაიწეროს დეპუტატის მისამართით. "გამომიყვანეს კაცი წყობიდან. ისე გამოდის აქლემის ქურდი ნემსის ქურდს აბრალებდეს ქურდობას" -განაცხადა გეგიაძემ პრესკონფერენციაზე.