თბილისის მერიაში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, დედაქალაქის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და ფესტივალის დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილი დაესწრნენ. პროექტის ორგანიზატორებმა ფესტივალის მნიშვნელობაზე და მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
ნინა ხატისკაცის თქმით, წელს ფესტივალს უპრეცედენტოდ ბევრი უცხოელი პროდუსერი, ჟურნალისტი და კრიტიკოსი ეწვევა. ეს კი მნიშვნელოვანია, როგორც კულტურული ცხოვრების ასევე ქვეყნის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებისთვის, რადგან ის ადამიანები ვინც თბილისში ფესტივალზე დასასწრებად ჩამოდიან, შემდგომ საქართველოში კვლავ ბრუნდებიან.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ფესტივალის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა. მიხეილ გიორგაძემ ორგანიზატორების მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი. მინისტრის თქმით, წელს ფესტივალი საქველმოქმედო იქნება, ფესტივალის გახსნის ღონისძიებიდან შემოსული თანხა "სოლიდარობის ფონდში" ხოლო მთლიანად ფესტივალიდან შემოსული თანხა 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა მხარდასაჭერ ფონდში გადაირიცხება.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი კავკასიისა და შავი ზღვის ქვეყნების მთავარი თეატრალური მოვლენაა. ფესტივალის მთავარი მიზანია თბილისის პოპულარიზაცია საერთაშორისო კულტურულ, ტურისტულ და ეკონომიკურ სივრცეში, საშემსრულებლო ხელოვნებისა და კულტურული ინოვაციების წარმოდგენა და საქართველოში საერთაშორისო კულტურული ცენტრის შექმნა ყველა თაობისა და ასაკის ადამიანისთვის.
წელს თბილისი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უკვე მეშვიდედ მასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია: საერთაშორისო პროგრამა (24 სექტემბერი – 5 ოქტომბერი), პროგრამა "New" (24 სექტემბერი – 5 ოქტომბერი), ქართული სპექტაკლების პროგრამა (5 – 8 ოქტომბერი), გამოფენები (24 – 27 სექტემბერი), ასევე, ვორქშოფები და სემინარები.
ტრადიციულად ფესტივალის უმნიშვნელოვანეს ნაწილს ქართული სპექტაკლების პროგრამა წარმოადგენს. ქართული სპექტაკლების პროგრამა გასული სეზონის (20143-2015) შეჯამებაა. წელს ქართული სპექტაკლების პროგრამაზე 70 საერთაშორისო სტუმარი დარეგისტრირდა.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 22 სექტემბერს გაიხსნება და 8 ოქტომბრამდე გასტანს.