რაიონების მოსახლეობის ნაწილს, რომლებსაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გამო ანალოგური მაუწყებლობა უნდა გათიშვოდათ, არხების დაჭერის საშუალება სპეციალური მიმღების (სეტ ტოპ ბოქსის) გარეშე ისევ აქვთ, თუმცა შეზღუდული რაოდენობით.
"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ზესტაფონისა და თერჯოლის რაიონების მოსახლეობა მხოლოდ "რუსთავი 2"-ის არხს იჭერს, დანარჩენი არხები 18 ივლისს 10 საათიდან გათიშული აქვთ.
საქართველოს მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში და ციფრული მაუწყებლობის სააგენტოში ფაქტს ჩრდილოვანი ზონების არსებობით ხსნიან და ამბობენ, რომ მოსახლეობის იმ ნაწილს, სადაც არხების დაჭერის საშუალება ისევ არის, ანალოგური სიგნალი არ გათიშულა. როგორც სააგენტოში განმარტავენ, სიგნალი 2015 წლის ბოლომდე უნდა გაითიშოს.
"18 ივლისს გაითიშა ტელევიზორი და ვერცერთ არხს ვერ ვიჭერდით. 20-ში საღამოს მაინც ჩავრთე, ვიფიქრე არ გაფუჭდეს-თქო და აღმოჩნდა, რომ "რუსთავი 2"-ს უჩვენებდა. აქამდე დაახლოებით 6 არხს ვიჭერდი სახლის ანტენით. ახლა ყველა გათიშულია "რუსთავი 2"-ის გარდა", – ამბობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის მცხოვრები, რომელსაც სეტ ტოპ ბოქსი ჯერ შეძენილი არ აქვს.
ანალოგიური სიტუაციაა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილშიც.
საქართველოს მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ 2015 წლის 18 ივლისს ამ ზონაში მთლიანად გაითიშა ანალოგური სიგნალი, თუმცა არსებობს ჩრდილოვანი ზონები, სადაც ანალოგური სიგნალი ისევ რჩება, რაც ციფრული სიგნალის მისაღებად ხელისშემშლელი ფაქტორია.
"მთვრობის დადგენილების შესაბამისად ჩვენს კომისიას აქვს მონიტორინგის გარკვეული ვადა. ჩვენი მონიტორინგის ჯგუფები უკვე იმყოფებიან რეგიონში და ადგილზე სწავლობენ შექმნილ სიტუაციას. გარკვეული ვადა არსებობს ასევე სხვა ხელისშემშლელი ანალოგური სიგნალის გადამცემი სადგურების გათიშვისთვის. ვსწავლობთ სიტუაციას და ყველა ასეთი ხელისშემშლელი ანალოგური სადგური გაითიშება დადგენილ ვადაში.
მოგეხსენებათ, საქართველოს გეოგრაფიული რელიეფიდან გამომდინარე არსებობს ჩრდილოვანი ზონები და ამ ზონების ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის მარეგულირებელ კომისიას ვადა 2016 წლის 1 იანვრამდე აქვს განსაზღვრული. ამ პერიოდისთვის კომისიამ დამატებით რადიო სიხშირული სეპქტრი უნდა მიანიჭოს როგორც ტელერადიო ცენტრს, ასევე კერძო მულტიპლექსს აღნიშნული ჩრდილოვანი ზონების ციფრულ ფორმატში დასაფარად", _ განუცხადა "გურია ნიუსს" საქართველოს მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის პრესსპიკერმა ხატია ყურაშვილმა.
რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ რაიონებში მხოლოდ რუსთავი 2"-ის მაუწყებლობის გადაცემას, ყურაშვილი ამბობს, რომ კონკრეტულ მაუწყებლებს პრივილეგია მინიჭებული არ აქვს.
"თერჯოლაში ერთ-ერთი გადამცემის ანალოგურ ფორმატში არსებობის შესახებ ინფორმაცი უკვე აქვს კომისიას და ეს გადამცემი დღეს, დღის ბოლომდე უნდა გაითიშოს. წინასწარ ვიცოდით იმ გადამცემების ჩამონათვალი, რომლებსაც შეიძლება ხელი შეეშალათ ციფრულ ფორმატში სიგნალის გადაცემისთვის. ამისთვის იყო განკუთვნილი ვადა, რომ პირველ ეტაპზე კომისიას ჩაეტარებინა მონიტორინგი დაედგინა, რომ ნამდვილად აქვს ადგილი ხელისშეშლას და შემდეგ კი იყო კონკრეტული ვადა განსაზღვრული ამ სიგნალის გათიშვისთვის. ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა. კომისიას 29 ივლისამდე აქვს მონიტორინგის ვადა. ორი ჯგუფი იმყოფება იმერეთის რეგიონში და ადგილზე სწავლობენ ინფორმაციას. ჯგუფები თბილისში კვირის ბოლოს დაბრუნდებიან და თუ ეს არის ხელისშემშლელი ფაქტორი, აქტი შედგება და მივმართავთ ხელისშემშლელ სადგურებს რომ გათიშონ სიგნალი; თუ ამას თავად არ გააკეთებენ, კომისიას აქვს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენოს სანქცია, უკიდურეს შემთხვევაში კი, თავად გათიშოს სიგნალი. დარწმუნებული ვარ, აქამდე საქმე არ მივა. ამ პროცესში ჩართულია ციფრული მაუწყებლობის სააგენტო, ეკონომიკის სამინისტრო, მარეგულირებელი კომისია და ტთავად უშუალოდ მაუწყებლებიც. ერთობლივად მოხდა სტრატეგიის შემუსავება და გათიშვის გრაფიკის დადგენა. ყველა ეს დეტალი ურთიერთკოორდინაციით და საერთო გადაწყვეტილებით იყო მიღებული", _ ამბობს ყურაშვილი და დასძენს, რომ სხვა ხელისშემშლელებთან დაკავშირებით, ამ დროისთვის ინფორმაცია კომისიას არ აქვს.
ციფრული მაუწყებლობის სააგენტოში აცხადებენ, რომ ჩრდილოვან ზონებიში მცხოვრებ მოსახლეობას სხვა არხების მიღების საშუალებაც აქვს, რადგან იქ ანალოგური მაუწყებლობა ისევ რჩება.
"ზესტაფონსა და თერჯოლის რაიონებში არის სოფლები, სადაც ანალოგური სიგნალი არ გათიშულა და მოსახლეობა ისევ იღებს მაუწყებლობას. ეს ზონები წლის ბოლომდე გაითიშება. რაც შეეხება იმას, რომ მოსახლეობა მხოლოდ ერთი არხის – "რუსთავი 2"-ის მაუწყებლობას იღებს, გეტყვით, რომ აქ არანაირი პრივილეგია არ არის რომელიმე არხის მიმართ. გაასწორონ ანტენები და სხვა არხებსაც დაიჭერენ", _ უთხრეს "გურია ნიუსს" ციფრული მაუწყებლობის სააგენტოში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 ივნისის დადგენილების შესაბამისად, საქართველოს რეგიონებში ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის პროცესი მიმდინარეობს. უკვე გადავიდა ციფრულ მაუწყებლობაზე დედაქალაქის სამაუწყებლო ზონა, შიდა ქართლი და კოლხეთის დაბლობი სრულად, მათ შორის: გურია, იმერეთი, სამეგრელოს ნაწილი – ფოთი, სენკი და ხობი.
რაც შეეხება იმას, მოსახლეობას რა ნაწილია დარჩენილი მაუწყებლობის გარეშე ვერც კომისიაში და ვერც ციფრული აუწყებლობის სააგენტოში ვერ აკონკრეტებენ. უწყებების განცხადებით, შესაბამისი კვლევა ჯერჯერობით არ ჩატარებულა, თუმცა როდის ჩატარდება შესაბამისი კვლევა არც ის იციან.
"მოსახლეობის რა ნაწილმა შეისყიდა თავად სეთ-თოპ-ბოქსები ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს, რადგან შესაბამისი კვლევა არ ჩატარებულა. რაც შეეხება სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სახელმწიფომ მათთვის 211 ათასი სეთ-თოპ-ბოქსი შეიძინა და უკვე დაურიგდათ. ჩვენი ინფორმაციით მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს თანამგზავრული თეფში და მათ ეს რეფორმა არ ეხებათ. მათთვის ტექნიკურად არაფერი იცვლება", _ აცხადებს საქართველოს მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის პრესსპიკერი ხატია ყურაშვილი.
შეგახსენებთ, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 90% ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა მათი 49% ამ ცვლილებას მოუმზადებელი ხვდება.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 38% სატელევიზიო სიგნალს სატელიტიური თეფშით იღებს, 32% – ანტენით, 25% – კაბელების მეშვეობით, 4% კი ინტერნეტით.
გამოკითხულთა მხოლოდ 8% აცხადებს, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია, რომ 2015 წლის ზაფხულიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის, ხოლო 3%-მა პასუხზე უარი განაცხადა.
ამავე თემაზე:
7 რამ, რაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისას უნდა ვიცოდეთ
ციფრული ტელემაუწყებლობა _ გამოსახულება ხარვეზის გარეშე
ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობამდე
გამოკითხულთა 49% ციფრული მაუწყებლობას მოუმზადებელი ხვდება
რამდენად მომზადებული ხვდება საზოგადოება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას