ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ "გურია ნიუსთან" გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც"თავისუფალი დემოკრატების" მინისტრობისას მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად არაფერი გაკეთდა კრიტიკის ადრესატები პასუხობენ:
_ ყოფილი პრემიერი გვაკრიტიკებს, რადგან ვერ მოუნელებია რაც გავაკეთეთ, რომ წავედით მთავრობიდან, ჩვენი ნებით და პროტესტი გამოვხატეთ, იმაზე რაც მთავრობაში ხდებოდა.
ჩვენს დროს იყო მავთულხლართების გაბმა და ყოველ ასეთ ფაქტზე მძაფრი რეაქცია გვქონდა. ჩვენ ვადექით პრემიერმინისტრს თავზე და ვარეკინებდით მსოფლიო ლიდერებთან.
ხელისუფლების სახე ვიყავით თავისუფალი დემოკრატები, დღევანდელი ხელისუფლების სახეა სოსო ჯაჭვლიანი, _ განაცხადა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ ჩვენთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ყოფილმა პრემიერმა, ყოფილი მინისტრები უმოქმედობაში დაადანაშაულა:
"რა თქმა უნდა, თვალყურს ვადევნებ და ვიცი ყველაფერი. აღმაშფოთებელია ის, რასაც მეზობელი სახელმწიფო აკეთებს და ისეთი ტიპის პროვოკაციები, რაც ბოლომდე ვერ ამიხსნია,
200-300 მეტრით ე.წ. საზღვრის გადმოწევით კოლოსალურად ვერავინ გამდიდრდება, მაგრამ ეს არის მძიმე და დანაშაულებრივი პროვოკაცია. მთავრობა აკეთებს ადეკვატურ რეაგირებას _ იმას, რაც შეგვიძლია, რეალობიდან.
ყველაზე საოცარი რა გახლავთ – „თავისუფალი დემოკრატების“ 2 მინისტრი რომ აცხადებს, მათ დროსაც მოხდა ამის მსგავსი, საუბედუროდ.
კონსტრუქციულობა, არგუმენტები და სინდისი არ უნდა დავივიწყოთ. პოლიტიკა იმის კი არ არის, რომ სინდისი გავირეცხოთ და რაც მოგვესურვება იმაზე ვისაუბროთ.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ და შევაფასოთ ყველა, მათ შორის, ჩვენი მთავრობაც და ხელისუფლებაც იმის მიხედვით, რეალობიდან გამომდინარე, რისი გაკეთება შეიძლება და რას აკეთებენ.
დღეს მათ გაუბედურებულ და გაპარტახებულ დატოვებულ შედეგებს ვიმკით. მათ მოახერხეს და მიიყვანეს აქამდე ეს საქმე.
მთავრობას უნდა მოვთხოვოთ, რომ მაქსიმუმი გააკეთოს – მაქიმალურად საქმის კურსში უნდა ჩავაყენოთ საერთაშორისო თანამეგობრობა, მაქსიმალურად უნდა ვითანამშრომლოთ და უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მეზობელიც და უფრო შორეულიც, რომ საქართველო არასდროს შეეგუება ტერიტორიების დაკარგვას," _ განაცხადა ივანიშვილმა ჩვენთან საუბრისას.