ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნებისთვის წლევანდელი ზაფხული მეტად ცხელი გამოდგა _ თანამდებობა დაატოვებინეს შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს გიორგი მდინარაძეს, გაათავისუფლეს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს გურიის სამხარეო უფროსი გოჩა ალფაიძე და კონტრდაზვერვის გურიის სამსახურის უფროსი ზაზა გობრონიძე, თუმცა, გობრონიძე თბილისში შსს დეპარტამენტში ერთერთი სამმართველოს უფროსად გადაიყვანეს, სხვა პოსტზე გადაიყვანეს საპატრულო პოლიციის გურიის სამმართველოს უფროსი დავით ჭანტურია.
შსს გურიის პოლიციაში ცვლილებები მხოლოდ სამხარეოს უფროსის გათავისუფლებით არ დასრულებულა _ რამდენიმე დღეში თანამდებობები დაატოვებინეს გიორგი მდინარაძის გუნდის წევრებსაც,: მის პირველ მოადგილეს ლაშა ბაკურაძეს და ოზურგეთისა და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს უფროსებს _ გიორგი გაფრინდაშვილსა და ირაკლი შავიშვილს.
რა ხდება ძალოვან სტრუქტურებში? ვის ინტერესებს და დაპირისპირებებს შეეწირა მაღალჩინოსნების სავარძლები?
“გურია ნიუსი“ წყაროს ინფორმაციით, სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის გიორგი მდინარაძისა და მისი გუნდის მოსაშორებლად ორი ე. წ. “დაჯგუფება“ გაერთიანდა. წყაროს თქმით, დაპირისპირება იყო კონტრდაზვერვის გურიის სამსახურის ყოფილ უფროსს ზაზა გობრონიძეს და გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს გიორგი მდინარაძის შორის. რამდენიმე წყარო ამბობს, რომ ზაზა გობრონიძე მდინარაძეს და მის გუნდს შსს მინისტრის მოადგილით იოსებ გოგაშვილით ემუქრებოდა, რადგან გოგაშვილი, გობრონიძე და გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი ერთი გუნდის წევრები და მეგობრები არიან, ეს უკანასკნელნი კი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების ჩინოვნიკებთან “დამეგობრებულ“ საახლობლო წრეს წარმოადგენენ.
როგორც წყარო ამბობს, გობრონიძეს მდინარაძის პოსტის ხელში ჩაგდება სურდა, რაზეც მდინარაძე ინფორმირებული იყო.
წყაროს მტკიცებით, მდინარაძეს დაუპირისპირდნენ, ასევე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რაზეც “გურია ნიუსი“ ერთხელ უკვე წერდა, როგორც წყარო ამბობს, მდინარაძემ ხელისუფლების მაღალჩინოსნების შესაძლო დანაშაული არ დაფარა, რის გამოც მათ შორის დაძაბული ურთიერთობა, ამ ბოლო დროს ლამის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი ბიზნესმენ ილია კეჭაყმაძესთანაც ახლო ურთიერთობაში იყო, ეს უკანასკნელი მდინარაძეს ლობირებდა კიდეც, თუმცა, “გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, ამ ბოლო დღეებში მათ შორისაც დაიძაბა ურთიერთობა _ როგორც წყარო ამბობს, მდინარაძე, მის გათავისუფლების ერთერთ ფაქტორად, სწორედ ილია კეჭაყმაძესთან ახლო მეგობრობას უკავშირებს.
წყაროს მოწოდებულ ამ ინფორმაციებს კატეგორიულად უარყოფენ ზაზა გობრონიძე, გიორგი მდინარაძე და ილია კეჭაყმაძე.
გიორგი მდინარაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა. იკვეთება ახალი დეტალიც, ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია -კონჭკათის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე მომხდარი ინციდენტს გადააყოლეს. “გურია ნიუსი“ აღნიშნულ ინციდენტსა და ჯერჯერობით ისევ შეჩერებულ სამუშაოებზე არაერთხელ წერდა.
მოსახლეობა “გურია ნიუსთან“ ინციდენტში პოლიციის მაღალჩინოსნებისა და , ე.წ. სხვადასხვა დაჯგუფებების, ასევე უშიშროების გარევასთან დაკავშირებითაც საუბრობდნენ:
"ძალიან ბევრ ინფორმაციას ვფლობთ. არის სხვადასხვა ვერსიები, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული უდევს, საქმეში ჩართულია მთელი მაფიოზური კლანი, პოლიცია და უშიშროება ერთად. გვინდა, რომ კიდევ ერთხელ გააშუქოთ ეს ამბავი. თუ პოლიცია არ იძიებს ამ საქმეს, თქვენ მიჰყევით ბოლომდე და იქნებ აეხადოს ფარდა ბურუსით მოცულ ამბებს," _ ამბობდნენ სოფლის მცხოვრებლები.
მერია-კონჭკათის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერჯერობით კვლავ შეჩერებულია.
“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეში აქტიურად იყო ჩარეული წარმოშობით ოზურგეთელი ბიზნესმენი ილია კეჭაყმაძე. რომელიც კალაძის გუნდის წევრად მოიაზრება.
საქმე კი ტენდერებს ეხება _ 22 მაისს, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები და სამუშაოების შემსრულებლები, ჯერჯერობით გამოძიებისთვის დაუდგენელმა პირებმა მერია-კონჭკათის გზაზე ცემეს, დალეწეს ავტომობილი და კატეგორიულად მოთხოვეს სამუშაოების მიტოვებაც
“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელები პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ახლობლები აღმოჩნდნენ, ხოლო ის პირები, რომლებმაც სამუშაოს შემსრულებლები ცემეს, ვიცე-პრემიერის, კახი კალაძის სახელით სპეკულირებდნენ.
რა შუაშია გიორგი მდინარაძე? წყარო ამბობს, რომ მდინარაძემ კალაძის გუნდს დაუჭირა მხარი. მას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ილია კეჭაყმაძესთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა, მეტიც _ წყაროს ინფორმაციით, ორი კომპანიის წარმომადგენლებს შორის “საქმეების გარჩევას“ ილია კეჭაყმაძემ უცხოეთიდან ჩამოყვანილი ე. წ. კანონიერი ქურდი დაასწრო.
წყაროს თქმით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნული ფაქტის ღარიბაშვილის ყურამდე მიიტანეს.
“გურია ნიუსი“ შეეცადა, ყველა იმ პირს დაკავშირებოდა, ვინც აღნიშნულ საქმეში ფიგურირებს და მათგან კომენტარები მოეპოვებინა.
თავდაპირველად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში მივედით და მოსახლეობას გავესაუბრეთ:
ვაჟა სეფერთელაძე: “არ მუშაობენ, კარგა ხანია, არ დაგვინახავს არავინ. რატომ არ ვიცით. სიტუაცია დაწყნარებული, არაფერი არ ისმის ახალი იმ ინციდენტის გარშემო. მტვერი და ნაგავი გვაწუხებს, ამბობენ, ფული არ აქვთ ჩამორიცხულიო. ახლა უკვე დაგებული უნდა ყოფილიყო ასფალტი.“
ალექსანდრე ჩანქსელიანი: “აკეთებდნენ და არ გაკეთდა. ასე ყრია ხრეში. ამბობდნენ გავაკეთებთო, მერე ნოემბრის ბოლომდე მაინც დავამთავრებთ სამუშაოებს, ვადები გვაქვსო.“
რევაზ აბულაძე: “სპონსორი ფულს არ რიცხავსო, ამბობენ. მუშებს ფული არ მისცეს და ვერ გააგრძელეს მუშაობა _ უფულოდ მუშები იმუშავებენ?!“
ფრიდონ რუსიეშვილი: “ორი თვეა, ვიხრჩობით მტვერში და ნაგავში. არ ვიცით, რატომ არ გრძელდება სამუშაოები. მიზეზი ჩვენც გვაინტერესებს. გვითხრეს, რომ ფული არ გადმოურიცხესო, ასე შეიძლება? ამოგვახრჩვეს მტვერში, ორი მანქანა ერთმანეთს გზას ვერ აუვლის“.
ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შპს “პირამიდას“ დირექტორი გურამ მონიავა “გურია ნიუსთან„ ამბობს, რომ მერია-კონჭკათის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეში განახლდება:
“შეჩერებული არ არის. ბიტუმს ველოდებოდით და ჩამოგვივიდა, შეფერხებულად იმიტომ მუშაობდნენ, რომ წვიმებმა შეუშალა ხელი,“ _ ამბობს მონიავა.
ჩვენს კითხვაზე, არის თუ არა რაიმე ახალი დეტალი ინციდენტთან დაკავშირებით, შეესაბამება თუ სიმართლეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელები პრემიერ-მინისტრთან დაახლოებული პირები არიან, მონიავა ასე გვპასუხობს:
“მე დაკითხვაზე არ ვყოფილვარ. იმიტომ მივედი, რომ სამხარეო პოლიციის უფროსის ნახვა მინდოდა. ინციდენტს არ შევსწრებივარ, ჩემი წარმომადგენელი კი ცემეს, არის კიდევ რამდენიმე დაზარალებული, თუმცა ვინ ცემა არ იციან. გამოძიებას ეცოდინება, სამართალდამცავებს ჰკითხეთ. ამ საქმეში პოლიციის ჩართულობას ვერ დავიჯერებ. ღარიბაშვილთან დაახლოებულები თუ ვართ? არა, არაა!!! მე შეხება არ მაქვს მეორე კომპანიასთან, რომელიც დაგვიპირისპირდა.“
რაც შეეხება ჩვენს კითხვას, იცნობს თუ არა ილია კეჭაყმაძეს და ფლობს თუ არა ინფორმაციას მისი ჩართულობის შესახებ აღნიშნულ საქმეში, “პირამიდას“ დირექტორი გვპასუხობს:
“ილია კეჭაყმაძეს თუ ვიცნობ? არა, არ ვიცნობ. საქმის გარჩევა ჩემთან ერთად არ ყოფილა, ინციდენტი იყო, მაგრამ მხოლოდ ხულიგნური გამოხტომები. აბა სხვა რა შეიძლება დავარქვათ? დანარჩენი სამართალდამცავებს უნდა ჰკითხოთ“.
“გურია ნიუსი“ შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს გიორგი მდინარაძეს დაუკავშირდა, რომელმაც კატეგორიულად უარყო მისი ჩართულობა აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, ასევე გამორიცხა კონტრდაზვერვის ყოფილ უფროს ზაზა გობრონიძესთან და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნებთან დაპირისპირების ფაქტიც:
_ ბატონო გიორგი, იყო თუ არა თქვენი თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნებთან დაპირისპირება?
_ არა, რას ამბობთ?! რა მაქვს დასაპირისპირებელი მათთან?!
_ კონტრდაზვერვის ყოფილ უფროსთან ზაზა გობრონიძესთან დაპირისპირებასაც უარყოფთ?
_ კი. არავისთან არ ვყოფილვარ დაპირისპირებული. მესამე წელია წამოსული ვარ თბილისიდან, ოჯახს მოწყვეტილი, წელიწადნახევარი ქუთაისში ვიყავი, წელიწადინახევარი _ გურიაში.
_ თქვენი გუნდის წევრები რატომ გაათავისუფლეს თანამდებობიდან?
_ ეს წესია პოლიციაში _ მოდის ახალი ხელმძღვანელი და მოჰყავს მისი გუნდი. მეც როცა დავინიშნე, ჩემი გუნდით მოვედი.
_ბატონო გიორგი, თქვენი სახელი ფიგურირებს მერია-კონჭკათის სარეაბილიტაციო გზის მშენებლობაზე მომხდარ ინციდენტში….
_ რა შუაშია ეს ინციდენტი ჩემს სახელთან? რა კონტექსტში ფიგურირებს? სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, დანაშაულის დამალვა როგორ შეიძლება? მე უფლებამოსილი აღარ ვარ გიპასუხოთ ამ საქმესთან დაკავშირებულ კითხვებზე.
_ თქვენ იყავით ილია კეჭაყმაძის ახლო მეგობარი. როგორც წყარო გვითხრა, კეჭაყმაძეს უცხო ქვეყნიდან ჰყავდა ჩამოყვანილი ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც მერია-კონჭკათის გზის ინციდენტთან დაკავშირებით “საქმეებს არჩევდა“… გახდა თუ არა თქვენი თანამდებობიდან გათავისუფლების ერთერთი მიზეზი აღნიშნული ფაქტი?
_ არა, არა, არ არის სიმართლე. ილიას არა, არავის და არაფერს არ ვუკავშირებ, ჩემს გათავისუფლებას. ეს როტაციაა, პოლიციაში ხდება გადაადგილებები. სადაც მიიჩნევს ხელმძღვანელობა საჭიროდ, რომ გავაგრძელოთ მუშაობა, იქ ვიმუშავებ. ჩვენ ბრძანებებს ვემორჩილებით.
საქმე გამოძიებაშია, მე არ ვარ უფლებამოსილი პირი, გითხრათ რაიმე ამასთან დაკავშირებით. არსებობს სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი, პრესცენტრი, ახალი გუნდი და შეგიძლიათ მათ მიმართოთ, _ გვითხრა მდინარაძემ.
ბიზნესმენი ილია კეჭაყმაძე “გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ გიორგი მდინარაძე მისი მეგობარია:
“გიორგი მდინარაძე ჩემი მეგობარია. რა ჩხუბი, არც დაპირისპირება, არა…არა… პირიქით,“ _ ამბობს კეჭაყმაძე და მერია-კონჭკათის გზაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკეთებს:
_ რაში ფიგურირებს ჩემი სახელი? ასე გითხრეს, რომ მე ვარ ამ საქმეში? მერია-კონჭკათის გზის სამუშაოებთან საქმის კურსში კი არ ვარ, უფროს მეტიც _ გვირაბი გამყავს მერიიდან ტრაპიზონამდე“
_ ბატონო ილია, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, თქვენ უცხო ქვეყნიდან “საქმეების გასარჩევად“ ე. წ. კანონიერი ქურდი გყავდათ ჩამოყვანილი?
_ ზღაპრებია! რა ქურდი მყავდა ჩამოყვანილი? აბა, ჰკითხეთ, კონჭკათელებს, თუ მიცნობენ საერთოდ. ვიღაცა ხომ უნდა ესწრებოდეს ამ გარჩევებს ან ხომ უნდა ვიცნობდეთ ერთი მხარე მეორე მხარეს? მერია-კონჭკათის გზის მშენებლობის საქმის კურსი კი არ ვარ, ხომ გეუბნებით _ გვირაბი გამყავს მერიიდან ტრაპიზონამდე. ასე დაწერეთ ზუსტად! კონჭკათის გზის მშენებლობაზე რა ფული უნდა მომცენ? მაგი დაიმალება? არანაირი წილი, არანაირი გარჩევა! მაშინ დაწერეთ იმ ადამიანების სახელი და გვარები, რომლებმაც ეს ინფორმაცია მოგაწოდათ და მერე მე გავცემ მაგათ პასუხს. არასოდეს არ მიმიღია მაგ რამეში მონაწილეობა, მაქაურობის არაფერი არ ვიცი, არაფერ შუაში არ ვარ! _ ამბობს კეჭაყმაძე.
კონტრდაზვერვის ყოფილი უფროსი ზაზა გობრონიძე კატეგორიულად გამორიცხავს მის ჩართულობას ოზურგეთში განვითარებულ მოვლენებში:
_ პირველად მესმის ამის შესახებ. არ ყოფილა მდინარაძესა და ჩემს შორის დაპირისპირება. არ ვიცი, რატომ გაიჟღერა ჩემი სახელმა და გვარმა.“
_ ბატონო ზაზა, მიგიძღვით თუ არა წვლილი მდინარაძისა და მისი გუნდის თანამდებობებიდან გათავისუფლებაში?
_ სისულელეა ეს ყველაფერი
_ იოსებ გოგაშვილი არის თუ არა თქვენი მეგობარი?
_ არა, უბრალოდ ვიცნობ.
_წყარო ამბობს, რომ იმუქრებოდით, მდინარაძეს არ გავახარებ და მისი ადგილს მე დავიკავებო.
_ ეს არის აბსურდი.
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ სირაძის თქმით, 22 მაისს მერია-კონჭკათის გზაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე ბრალდებულად პასუხისგებაში მისაცემი პირი დადგენილი არ არის.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე მერია-კონჭკათის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერებას უარყოფს:
_ შეჩერებული არ არის. გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოები ნორმის ფარგლებში მიმდინარეობს. კომპანია ელოდება ბიტუმს. რამდენიმე დღეში, როცა ასფალტის ქარხანა ამუშავდება, გაგრძელდება სამუშაოები. ამ ყველაფერს არეგულირებს ხელშეკრულება. შესაბამისად, თუ რაიმე დარღვევა მოხდება, ხელშეკრულების ფარგლებში მოვახდენთ მყისიერ რეაგირებას. ჯერ არანაირ დარღვევასთან არ არის საუბარი. ჩვენ მუნიციპალიტეტს გვაქვს უფლება, ვიმოქმედოთ მხოლოდ და მხოლოდ ამ ხელშეკრულების საფუძველზე, _ ამბობს გამგებელი.