ბრიტანული გამოცემა „The Sun“-ის მტკიცებიოთ ინგლისის ქალაქ ნორტჰემპტონის სკოლის 10 წლის მოსწავლე პრეტენზიას აცხადებს ქვეყანაში ყველაზე ჭკვიანი ბავშვის სახელზე. გოგონას ინტელექტის კოეფიციენტი – IQ – 162 ქულის ტოლია, რაც უფრო მეტია, ვიდრე ბილ გეიტსის, ალბერტ აინშტაინისა და სტივენ ჰოკინგის 160-ქულიანი მაჩვენებლები.
კერის კუკსამი-პარნელი ტესტირებას მენსის ორგანიზაციაში გადიოდა, რომელიც მაღალი ინტელექტის ადამიანებს უტარებს ტესტირებას. ამ ორგანიზაციის წევრია მისი მამაც, რომლის IQ 142 ქულაა.
გოგონას სიტყვებით მისი მიზანი „სახუმარო“ იყო – უნდოდა ეჯობნა მამისთვის, მაგრამ, ის არ მოელოდა, რომ მამას მთელი 20 ქულით გაუსწრებდა. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, კერისი იმ ადამიანთა 0,004 პროცენტში შედის, რომლებმაც ერთხელ მაინც აჩვენეს 162-ქულიანი შედეგი მენსის ტესტის მიხედვით.
როგორც გოგონა ამბობს, ის არ აწყობს განსაკუთრებულ ინტელექტუალურ დისკუსიებს თავის თანატოლებთან. მისი მამა კი აცხადებს, რომ კერისი ყოველთვის ჩვეულებრივი ბავშვი იყო და სულაც არ გამოიყურებოდა „უცნაურად“, მაგრამ, ძალიან უყვარდა კითხვა. ამასთან, ცხადი იყო, რომ მას განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა.
ახლა კერისი „გენიოსების საზოგადოებას“ შეუერთდა, მომავალში კი მას სურს იმუშაოს ფინანსების სფეროში, ვინაიდან, მას სიამოვნებს, საქმე ჰქონდეს რიცხვებთან. გოგონა იმედოვნებს, რომ, ერთხელაც, ის შეძლებს, უხელმძღვანელოს ინგლისის ბანკს ან გახდეს პრემიერ-მინისტრი.