რუსთავის მერმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა ბიუჯეტის ფულით ავტომობილები შეიძინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირმა ნადირაშვილი ავრცელებს, რასაც რუსთავის მერიის პრესსამსახურში კატეგორიულად უარყოფენ და ამბობენ, რომ დეპუტატმა ტყუილი გაავრცელა.
ირმა ნადირაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსთავის მერმა Volkswagen phaeton-ში და ქვემო ქართლის გუბერნატორმა Toyota landcruiser 200-ში ჯამურად, დაახლოებით 300 ათასამდე ლარი გადაიხადეს.
მისივე განცხადებით, ამ შესყიდვით პირდაპირაა უგულვებელყოფილი პრემიერის დადგენილების მე-8 პუნქტი, სადაც აღნიშნულია, რომ ქამრების შემოჭერის პოლიტიკის ფარგლებში უნდა აიკრძალოს სატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკის შეძენა, გარდა სპეციალური დანიშნულებისა.
"დადგენილება, რომელსაც ხელს აწერს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, აღნიშნულია, რომ ქამრები უნდა შემოვიჭიროთ. მე-8 პუნქტში ვკითხულობთ: აიკრძალოს სატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკის შეძენა გარდა სპეციალური დანიშნულებისა. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს მანქანები სპეცდანიშნულების ტექნიკას არ წარმოადგენს, ესაა ფუფუნება, რომელის უფლებასაც ივანიშვილის ჩინოვნიკები აძლევენ თავს.
ხელისუფლება არის ჩვეულებრივი მატყუარა. მის არაადეკვატურობას ზღვარი არ აქვს და ალბათ რიგითი რუსთაველები, რომლებისაც კვირიდან კვირამდე თავის გატანა უჭირთ, ამაზე პასუხს მოსთხოვენ", – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა მამუკა ჩიქოვანმაც.
მისი თქმით, სრულიად არაადეკვატურია გუბერნატორისა და ქალაქ რუსთავის მერის ქმედებები მაშინ, როცა რეგიონში "არაფერი კეთდება და მოსახლეობაც უკიდურეს მდგომარეობაშია".
"იმის მიუხედავად, რომ დღეს ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური კრიზისია, ხელისუფლება ქამრების შემოჭერაზე ყოველდღიურად საუბრობს, ბიძინა ივანიშვილის პირადი წარმომადგენელი, ქვემო ქართლის გუბერნატორი თავს უფლებას აძლევს ადგილობრივი ბიუჯეტი პირადი კომფორტისთვის გამოიყენოს. მან და რუსთავის მერმა ჩათვალეს, რომ ახლა სწორედ ახალი ავტომობილების შეძენის დროა", – განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებას რუსთავის მერიამ მალევე უპასუხა და აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა:
"სრული სიცრუეა ის, რომ რუსთავის მერიამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარი დახარჯა. 300 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში იხარჯებოდა და ძვირადღირებულ ავტომანქანებს სწორედ ისინი ყიდულობდნენ. ასე აქვთ ნაყიდი სწორედ 2010 წელს 111 ათასად და 187 ათასად ორი ძვირადღირებული ჯიპი, მეორე ავტომობილი რუსთავის მერიას თვალითაც არ უნახავს. რუსთავის მერიამ ავტომობილები საჭიროებისამერ, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძინა", _ აღნიშნავენ რუსთავის მერიაში და განმარტავენ, რომ "ორივე ავტომობილის შეძენა რუსთავის ბიუჯეტს ჯამში მხოლოდ 50 ათასი ლარი დაუჯდა და არა 300 ათასი, როგორც ამას "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობენ".
" ახალი ავტომობილების შეძენა განპირობებული იყო იმით,რომ "ფოლცვაგენ პასატის“ მარკის ავტომანქანა, რომლითაც ქალაქის მერი გადაადგილდებოდა, მწყობრიდან გამოვიდა და მის შეკეთებას 12 ათას ლარამდე სჭირდებოდა. რუსთავის მერის ავტომანქანაში ჯამში გადახდილი იქნა 24 ათას დოლარამდე ექვივალენტი ლარში, აქედან 5 ათასი დოლარის ექვივალენტი ლარში ძველი, მწყობრიდან გამოსული ავტომობილის ჩანაცვლებით დაემატა და ბიუჯეტიდან მხოლოდ 19 ათასი დოლარის ექვივალენტი ლარებში იქნა გადახდილი. რაც შეეხება "ფოლცვაგენ ტუარეგს“, ეს ავტომობილი 2010 წელს "ნაციონალურმა მოძრაობამ" რუსთავის ბიუჯეტიდან უყიდა ქვემო ქართლის მაშინდელ გუბერნატორს და სამხარეო ადმინისტრაციას თხოვების ხელშეკრულებით გადასცა. აღნიშნული ავტომობილით სარგებლობდა ამჟამინდელი გუბერნატორიც, ეს ავტოსატრანსპორტო საშუალება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა და სადაზღვევო კომპანიამ ავტოსაგზაო შემთხევის შედეგად მიყენებული ზარალი აანაზღაურა. სადაზღვევო კომპანიის მიერ ჩარიცხულ თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან მხოლოდ სამი ათასი დოლარი დაემატა, თანხის 95% სადაზღვევო კომპანიის მიერ ჩარიცხული თანხით დაიფარა და შეძენილი იქნა ყველაზე დაბალი კლასის ჯიპი. საერთო ჯამში ორივე ავტომობილის შეძენა რუსთავის ბიუჯეტს 50 ათას ლარამდე დაუჯდა და არა 300 ათასი ლარი, როგორც ამას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ამბობენ. მათი მხრიდან მსგავსი განცხადებების გაკეთება უბრალოდ აბსურდია," _ ნათქვამია რუსთავის მერიის განცხადებაში.
შენიშვნა: ფოტო რუსთავის მერის ან ქვემო ქართლის გუბერნატორის საკუთრებას არ ასახავს