დღეს მორიგი ხმაურიანი დღე იყო გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის შენობაში, სადაც ლანჩხუთელ ფეხბურთის გულშემატკივართა ნაწილი და ვეტერანი ფეხბურთელები იყვნენ მობილიზებულები. ისინი კახა ებრალიძისგან კვლავ ითხოვდნენ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე მერაბ ჟორდანიას წარდგენას მაინც, მხარდაჭერას თუ არა.
ფაქტია, რომ ეს შეხვედრა ორგანიზებული იყო, რამდენიმე ადამიანი სოფლებიდანაც კი იყო ჩამოსული, სამუშაო საათების დროს მრავლად იყვნენ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულები, მაგრამ გაუგებარი იყო ის, რომ არ იყო თავად კახა ებრალიძე, რომელიც ოჯახური მიზეზების გამო სხვაგან იმყოფებოდა და რომელსაც უნდა გაეცა უშუალოდ პასუხი დასმულ შეკითხვებზე.
სპეციალურად ლანჩხუთს სტუმრობდნენ გურიის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრები, იური ჩხაიძე და მერაბ ვანიძე ოზურგეთიდან, ბენო თავბერიძე ჩოხატაურიდან, რომლებისგანაც შეხვედრის დაწყებისთანავე "გურიის" სპორტულმა დირექტორმა ედიშერ ჟორდანიამ მოითხოვა განმარტებები, თუ იყვნენ საქმის კურსში ისინი, კახა ებრალიძემ რევაზ არველაძე კანდიდატად რომ წარადგინა და თუ უჭერთ მხარს რევაზ არველაძესო.
მათი პასუხი იყო, რომ არ იყვნენ, მაგრამ დებულებით ჰქონდა თუ არა ებრალიძეს ამის უფლება, ეს არ იცოდნენ.
"სიმართლეს გეტყვით, ჩვენ არაფერი ვიცოდით. ადამიანურად კი ვიყავით ღირსი, ჩატარებულიყო აღმასკომის სხდომა და იქ გაგვეხილა ყველას ერთად ესა თუ ის კანდიდატურა. შეიძლება თანახმა ვიყავით არველაძის წარდგენაზე, მაგრამ უპატივცემულობაა ჩვენი, ეს რაც მოხდა. აგერ ვართ ჩვენ და ვამბობთ რომ არ ვიცოდით, მაგრამ ისიც არ ვიცით, თუ კახას აქვს უფლება უჩვენოდ გააკეთოს ეს ყველაფერი. ალბათ აქვს, თორემ ამას არ გააკეთებდა" – განაცხადა იური ჩხაიძემ.
ამის შემდეგ სიტუაცია იმდენად დაიძაბა, ძნელი იყო აზრის გამოტანა და მითუმეტეს რაიმე გადაწყვეტილების მიღება. განსაკუთრებით კობა მირზაშვილის გამოსვლის შემდეგ, როცა მან განაცხადა,რომ ეს საკითხი ორი წლის წინ რომ განხილულიყო და ვინმეს ეფიქრა ამაზე, დღეს ასე არ იქნებოდაო და ისიც დასძინა – მას პირადი ვალდებულება ქონდა არველაძესთან და სიჭინავასთან, რომლებსაც ყოველთვის გვერდში დაუდგებოდა. ეს იყო და მონასტერი აირია. შეხლა – შემოხლასაც ქონდა ადგილი, თუმცა, საბედნიეროდ სიტყვიერი დაპირისპირების გარდა, არაფერი მომხდარა. კონსტრუქციული დიალოგი უკვე შეუძლებელი აღმოჩნდა და შეხვედრამაც აზრი დაკარგა. ბევრიც გაერიდა იქაურობას და ფაქტობრივად შეხვედრა აქ დასრულდა.
საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ ლანჩხუთის "გურიის" მთელი სამწვრთნელო შტაბი და ხელმძღვანელი პირები ამ შეხვედრას ესწრებოდნენ და აფიქსირებდნენ, რომ ისინი მხარს უჭერენ მერაბ ჟორდანიას. თუმცა, აქ არ გამოჩენილა კლუბის პრეზიდენტი და ამავდროულად მუნიციპალიტეტის გამგებელი, ზაზა ურუშაძე, რომელმაც წინდღით პრესაში განაცხადა, რომ არსად დაუფიქსირებია, ის რომელიმე კანდიდატს და მათ შორის ჟორდანიას, მხარს რომ უჭერს.
აღნიშნულ პროტესტის შემდგომ კახა ებრალიძე დაგვიკავშირდა და განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა:
"ჩემი რეგიონული ფედერაციის გამგეობის წევრები თურმე აცხადებენ, რომ სფფ–ის ყრილობის დელეგატის კანდიდატურა და პრეზიდენტობის კანდიდატი არ შევუთანხმე და ეს, ბევრისთვის მოულოდნელიც აღმოჩნდა. ვისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა, ან მე არ მიცნობს, ანაც ის კატეგორიაა, ჩემგან განსხვავებით მხარდაჭერას ხან ერთს რომ ჰპირდება, ხან მეორეს. რაც შეეხება შეთანხმებას, ამის სამართლებრივი ვალდებულება არ მქონია. რაც შეეხება მორალურ მხარეს,სწორედ მორალური თვალსაზრისით არ ჩავაყენე ოფიციალურად ისინი საქმის კურსში და უხერხულობაშიც.
ჯერ კიდევ ორი წლის წინ, როცა გრფფ–ის არჩევნები ტარდებოდა, მანამდე შევხვდი ჩემი ფედერაციის გამგეობის წევრებსა და სუბიექტებს, სადაც აღვნიშნე, რომ თუ მხარს დამიჭერდნენ, კენჭს ვიყრიდი. ყველამ დამიჭირა მხარი! დავაყენე კანდიდატურა და შემდეგ ამ ადამიანების ნაწილმა დაწერა კოლექტიური განცხადება, სადაც მე მხარს არ მიჭერდნენ და არ ცნობდნენ არჩევნებს! გასათავალისწინებელია, რომ ეს ადამიანები დასაქმებულები არიან და აშკარა იყო, მათზე ზეწოლა განხორციელდა. კარგად მესმოდა და მესმის მათი.
არჩევნების შემდეგ მათ ჩემთან შეექმნათ უხერხულობა, თუმცა, ყველაფერი გავაკეთე, რომ ეს არ ეგრძნოთ. ამასთან, ერთი მათგანიც კი არ გამიშვია ფედერაციიდან! ახლაც ვიცოდი, რომ ოფიციალურად ისინი საქმის კურსში რომ ჩამეყენებინა, გაცილებით ცუდ დღეში აღმოჩნდნებოდნენ. მხოლოდ ფაქტებს გეტყვით: რაც პრეზიდენტი ვარ, 5–6 ყრილობა გაიმართა და გამგეობას არც ერთხელ არ გასჩენია სურვილი პირად საუბარში მაინც დაეფიქსირებინა პროტესტი, ახლა რატომ მიპირისპირდებიან? რა გამოდის, დამსაქმებელი ანუ ხელისუფლება არის ჩართული? მე ბრალს ვერავის დავდებ, თუმცა, როცა ჩემი გამგეობის წევრები არასამუშაო დღეს, არასამუშაო საათებში მოდიან ლანჩხუთში და ჩემთან შეხვედრა უნდათ, ეს რას ნიშნავს? თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ადამიანებს კვირა საღამოს გაუჩნდათ სურვილი ჩემთვის პასუხი მოეთხოვათ?
თურმე არ მცნობენ და ჩემი გადაყენება სურთ. მე კანონი არ დამირღვევია და თუ ამ ხალხს დელეგატის წარდგენამდე არ ჰქონდათ პრეტენზია, ფიქრობთ, რომ ეს საკითხი ჩემი გადაყენების საფუძველია? მე არ ვეპოტინები სკამს და ჩემი გადაწყვეტილება არ უკავშირდება პირად კეთილდღეობას. მე რეგიონულ ფედერაციაში არ მაქვს 1 ლარი ხელფასიც კი! ამას გარდა, პირადი კეთილდღეობა წინ არასდროს დამიყენებია _ ორჯერ დავტოვე 1200 ლარიანი სამსახური მხოლოდ იმის გამო, რომ არ ვეთანხმებოდი იმას, რაც ხდებოდა! მე ჩემი ცხოვრებით დავამტკიცე, რომ სამსახურს არ ვეპოტინები ფულის გამო და არც სფფ–ის პრეზიდენტის სკამზე ვარ ჩაბღაუჭებული.
არველაძეს კი მხარს ვუჭერ იმიტომ, რომ როცა ზვიად სიჭინავა ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს, პირველად ლანჩხუთში ჩამოვიდა და თქვა, რომ "გურია" ბრენდი და ჩემი პრიორიტეტიაო. მისი და გენმდივან რევაზ არველაძის მხარდაჭერას სულ ვგრძნობდით.
შპს "გურიას’" ჰქონდა 250 ათასიანი საბიუჯეტო დავალიანება და სფფ–ის სარეკომენდაციო წერილით ეს თანხა ჩამოგვაწერეს; ლანჩხუთის სტადიონზე პირადად სფფ–ის პატრონაჟით დაიგო 700 ათასიანი ბერძნული მინდვრის საფარი; საჩუქრად გადმოგვცეს 80 ათასი ლარის ღირებულების ინდივიდუალური სკამები; გურიის ფეხბურთის ფედერაციას შეუძინეს ოფისი ქალაქის ცენტრში; ოზურგეთის ბავშვთა სკოლას გადაეცა 25 ათასი ლარის ღირებულების ეკიპირება. 4 წელიწადში როდის გაკეთდა გურიის რეგიონში ამდენი რამ? ამის შემდეგ მე არ ვიქნებოდი მართალი, მხარი სხვისთვის დამეჭირა. გული მწყდება, რომ ვერ დავუჭირე მხარი მერაბ ჟორდანიას, ვისაც ლანჩხუთის ფეხბურთში დიდი ღვაწლი აქვს. თან მას მხარს თემურ ჩხაიძეც უჭერს. არა იმ კუთხით, რომ ის პარლამენტარია, ის ხომ "გურიას’" ლეგენდაა. სამწუხაროდ, ერთისთვის უნდა დამეჭირა მხარი…"- აცხადებს ებრალიძე.
თუ როგორ განვითარდება მოვლენები და უფრო ვრცლად ამ შეხვედრის შესახებ "გურია ნიუსი" შემდგომ შემოგთავაზებთ.