უგემრიელესი სამეფო ნამცხვრის მომზადება არც ისე ძნელია. ჯერ მოვამზადოთ ბისკვიტი. ოთხი კვერცხის გულითა და ორი ჭიქა შაქრით გავაკეთოთ გოგლიმოგლი, დავამატოთ 200 გრამი დარბილებული და ათქვეფილი კარაქი, ჭიქანახევარი მაწონი სოდითა და ძმრით და კარგად ავთქვიფოთ. შემდეგ დავამატოთ სამი ჭიქა ფქვილი, ვანილი. მოვზილოთ, გავყოთ სამ ნაწილად და გამოვაცხოთ ცხიმწასმულ და პერგამენტდაფენილ ჟარონაზე, საშუალო სიმხურვალის აირღუმელში. ფირფიტები დავდოთ ცალკე.
მოვამზადოთ ბეზე: ოთხი კვერცხის ცილა და ერთი ჭიქა შაქარი ავთქვიფოთ კარგად. თეთრ მასას დავამატოთ ოთხი ცალი საშუალო ზომის გახეხილი ვაშლი და ერთი ცალი კურკაგამოცლილი, გაწურული, გახეხილი ლიმონი. ეს მასაც დავდოთ ცალკე.
კრემი: ერთი ცალი მოუხარშავი შედედებული რძე ათქვიფოთ, მერე შევურიოთ სამასი გრამი ათქვეფილი კარაქი, ვუყოთ ვანილი, კარგად ავურიოთ და დავიწყოთ ნამცხვრის სრულყოფა. პირველ ფენას წავუსვათ კრემი (ცოტა კრემი დავიტოვოთ), მეორე ფენას _ ბეზე ვაშლითა და ლიმონით. მესამე ფენას გავუკეთოთ მაღალი ხარისხის კაკაოს მინანქარი. ბოლოს დატოვებული კრემი ჩავდოთ წვრილ, კალმისებურ ფორმაში და ნამცხვარს ზედაპირზე დავაწეროთ _ "სამეფო".
შემდეგ ორი საათით შევდგათ მაცივარში.