დავალა უმითი – თურქმა ფეხბურთელმა საუცხოო თამაშით თავი მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატზე დაგვამახსოვრა, როდესაც მშობლიურ ნაკრებთან ერთად, ბრინჯაოს მედლის პრიზიორი გახდა. მუნდიალის შემდეგ უმითმა ბედი იტალიურ სერია ა-ში სცადა. თუმცა, მისი კარიერა მილანურ სუპერკლუბებში – "მილანსა" და "ინტერში" არ აეწყო და ფეხბურთელმა ბუცები 2006 წლის ზამთარში ლურსმანზე ჩამოკიდა. თუმცა, მისი იროკეზის ვარცხნილობა დღემდე ახსოვთ ფეხბურთის ქომაგებს.
რონალდო – მსოფლიოს 2002 წლის მუნდიალზე ბრაზილიელმა რონალდომ, არა მარტო ფენომენალური თამაშით, ვარცხნილობითაც გააოცა ფეხბურთის ქომაგები. ტრავმებისგან დატანჯულ "კიჭასგან" არავინ ელოდა, საუცხოო თამაშს და ვარაუდობდნენ, რომ რონალდოს სახელი, მხოლოდ სახელად დარჩებოდა. თუმცა, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რივალდოსთან და რონალდინიოსთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე "მრისხანე ტრიო" შექმნა და მსოფლიოს თასი მეხუთედ აღმართა. კორეა-იაპონიის სტადიონებზე რონალდო საკმაოდ უცნაური ვარცხნილობით დააბიჯებდა – თითქმის გადაპარსული და მხოლოდ შუბლის არეში დატოვებული თმით. თან გოლები გაჰქონდა მეტოქეთა კარში.
აბელ შავიერი – პორტუგალიის ნაკრების ყოფილი მცველი აბელ შავიერი მსოფლიო ფეხბურთის ქომაგებს არა მარტო "ევრო-2000-ზე" დაშვებული შეცდომითა და დოპინგ-ტესტზტე ჩავარდნით დაამახსოვრდა, არამედ იმით, რომ სწორედ მას ეკუთვნის, ალბათ ყველაზე ეპატაჟურ ვარცხნილობათა მთელი სერიალი. ექსტრაორდინარული, ეპატაჟური, ორიგინალური, კოლორიტული – ასეთი ეპითეტებით მოიხსენიებდნენ აბელ შავიერს, რადგან ძნელად მოიძებნება პლანეტაზე ფეხბურთელი, რომელსაც ამდენი ცდა ჩაეტარებინოს თავის თავზე.
კარლოს ვალდერამა – ყველა დროის ყველაზე ცნობილ კოლუმბიელ ფეხბურთელს და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას – კარლოს ვალდერამას ყველაზე ცნობილი საფეხბურთო ვარცხნილობა აქვს. იგი ფეხბურთს დიდი ხანია, აღარ თამაშობს და წელს დაბადებიდან 50 წელი შეუსრულდა. თუმცა, მისი ფილიგრანული ტექნიკა, მოედნის ხედვა და სიდინჯე დღემდე ახსოვთ ფეხბურთის ქომაგებს, რომლებიც ინტერესით ადევნებდნენ თვალს 90-იანი წლების კოლუმბიის ნაკრების გამოსვლას მუნდიალებზე. ვალდერამა ერთადერთი კოლუმბიელი ფეხბურთელია, რომელიც ფიფამ საუკუნის 125 საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოიხსენია და უნდა აღინიშნოს, რომ სიის შედგენაში თავად პელე მონაწილეობს.