გურიის ეპარქიის ეპისკოპოსის მეუფე იოსების გადაწყვეტილებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის ტაძრის მოძღვარს, წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის პედაგოგს მამა ვახტანგს (თოხაძე) მღვდელმსახურების უფლება შეუჩერეს. ამის მიზეზი "გურია ნიუსში" გამოქვეყნებული სტატია გახდა, რომელშიც ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით მამაოს მხრიდან მოსწავლეების დასჯის უცნაურ მეთოდებზეა საუბარი. ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ სკოლაში დაგვიანების გამო, მეცხრეკლასელი ბიჭი მამა ვახტანგმა თანატოლებს გააროზგვინა.
დასჯილია სამრევლო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ნინო გოგეშვილიც, რომელიც გამოძიების დასრულებამდე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
აღნიშნული ფაქტი "გურია ნიუსს" სამრევლო სკოლის რექტორმა მამა მათემ (გორდელაძე) დაუდასტურა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მეუფემ მიიღო.
მომხდარს განათლების სამინისტრო, სახალხო დამცველი და შინაგან საქმეთა სამინისტროც იძიებს.
ვრცლად იხილეთ: მღვდელმა მოსწავლე თანატოლებს გააროზგვინა _ სკანდალი სამრევლო სკოლაში