"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობას და აღნიშნა, რომ ქვეყანა წარმატებით გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, იქცეს რეგიონალურ ცენტრად, სადაც გაცხოველებული სავაჭრო ურთიერთობებია.
"ჩემი მთავრობის მიზანია საქართველოს გადაქცევა აყვავებულ ქვეყნად, რომელიც გონივრულად იყენებს თავის მდებარეობას სასიცოცხლო მნიშვნელობის გზაჯვარედინზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის.
სწორედ ეს იყო ყოველთვის საქართველოს როლი მსოფლიოში: რეგიონალური ცენტრი, ადგილი, სადაც გაცხოველებული სავაჭრო ურთიერთობებია.
როგორც ევროპის აღმოსავლეთით მდებარე უკიდურესი საზღვაო და სახმელეთო კარიბჭე, საქართველო იდეალურად უზრუნველყოფს აზიისკენ მიმავალ მარშრუტს.
მოგიწოდებთ, მონაწილეობა მიიღოთ სხვადახვა ღონისძიებაში , რომელთა მოსაწყობად ჩვენმა ეკონომიკის სამინისტრომ ძალ-ღონე არ დაიშურა", – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ფორუმის მონაწილეებს თბილისში სტუმრობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
"გულწრფელად მივესალმები სადისკუსიო ჯგუფის ყველა წევრსა და მომხსენებელს. მადლობას მოვახსენებ ბატონ შუქრატ ზაქირს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიან უიგურის ავტონომიური რეგიონის გუბერნატორს.
როგორც ჩინეთის დასავლეთით მდებარე უკიდურესი კარიბჭე ცენტრალური აზიისა და ევროპისკენ მიმავალ გზაზე, სინძიანი ბუნებრივად არის საქართველოს პარტნიორი ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო კავშირების განმტკიცების საქმეში.
მადლობას მოვახსენებ თქვენს მთავრობებს ამ ფორუმის მხარდაჭერისთვის. ჩვენს ღონისძიებაში მონაწილეობს ჩინეთის 200 ბიზნესმენი, რაც ცხადყოფს, თუ რამდენად სერიოზულად ეკიდება ჩინეთი აბრეშუმის გზის განვითარებას და თუ რამდენის შეთავაზება შეუძლია საქართველოს", – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" დღეს დაიხურება.