"როცა ასჯერ გეტყვიან, რომ მთავრობა არაფერს აკეთებს და უუნაროა, გიჩნდება ეჭვი, მართლა ასე ხომ არ არის, მითუმეტეს, რომ ამის გადამოწმების საშუალება არ გაქვთ. არ არსებობს ალტერნატიული წყარო, რომელიც სიმართლეს გეტყვით.
ამიტომ ვეუბნები მინისტრებს, რომ უნდა ვიაროთ რეგიონებში და უნდა გითხრათ სიმართლე, ღიად მივიღოთ თქვენგან კრიტიკაც, მოვისმინოთ პრობლემებიც. ყველგან ასეა – ევროპაში, ამერიკაში არსებობს დაბალანსებული, ინფორმაციის მიღების ორი ალტერნატიული წყარო – ერთი შეიძლება იყოს ხელისუფლების საწინააღმდეგო, მაგრამ მეორე დამაბალანსებელია.
ჩვენთან აბსოლუტურად უკუღმაა ყველაფერი. ყველა მედიასაშუალება მხოლოდ ნეგატივზეა ორიენტირებული და მიყვება ჯალათებისა და სადისტების დღის წესრიგს", _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, მარტვილში სტუმრობისას.
პრემიერი იმედოვნებს, რომ ეს დროებითია:
"მე მჯერა, რომ ეს არის დროებითი. თვითონ მედიასაშუალებებიც მიხვდებიან, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. მჯერა, რომ მათი მუშაობის ხარისხი დაიხვეწება და ყველა გაიგებს, რომ ხალხს აინტერესებს პოზიტივი, პროგრესი რომელიც ქვეყანაში ხვდება და არა ნეგატივი, ჩხუბი, ავტოავარია და ა.შ. თუ ჩვენ ერთმანეთს არ ჩავუსახეთ რწმენა, უკეთესი მომავლის იმედი, ასე ვერ გავუძლებთ – ვერც ერთი მთავრობა ვერ გაუძლებს, ვერც ერთი ხალხი ვერ გაუძლებს.
ეს უნდა შეიცვალოს და მე მჯერა, რომ ჩვენ ამას დროთა განმავლობაში მივაღწევთ – მიუკერძოებელი გახდებიან მედიასაშუალებები.
როცა ჩვენ რაღაცას ვაშავებთ, რა თქმა უნდა, უნდა გვითხრან, უნდა გააშუქონ პრობლემები, მაგრამ როცა მთავრობა მნიშვნელოვან რაღაც აკეთებს ხალხისთვის ბევრი მიმართულებით, კეთილი ინებონ ამ ადამიანებმა და მიგვატანინონ სათქმელი ხალხამდე", – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.