გუშინ, გადაცემა "განსხვავებულ აქცენტები" 2012 წელს მედიასაშუალებებში გავრცელებული წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველ კადრებს მიეძღვნა. ეთერში კადრების ის ნაწილი გავიდა, რომელიც ამ დრომდე უცნობი იყო.
მაყურებელს ირმა ინაშვილის დაკითხვის ოქმის ნაწილიც აჩვენეს, სადაც გამომძებლის კითხვაზე _ "რატომ არ გაუშვეს სრული ვიდეომასალა" ინაშვილი პასუხობს: "ჩვენ ამოვკრიბეთ ის მასალები, სადაც წამებას და სადიზმს ჰქონდა ადგილი დანარჩენი მასალა, სადაც არის დიალოგები და სხვა კადრები, ჩავთვალეთ, რომ არ იყო საინტერესო".
რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ისმის ხმები, როგორ დასცინის ბედუკაძე პატიმრებს და როგორ ითხოვს, ის ხელკეტს. ითქვა ისიც, რომ კადრებში ასახული ერთ-ერთი პატიმარი, ფსიქიურად დაავადებულია. თუმცა, ტელეკომპანიამ იგივე პიროვნების ჩვენებაც გაასაჯაროა, რომელიც ფსიქიურად დაავადებულის ჩვენებას ნამდვილად არ ჰგავს.
ასევე გაუშვეს ვიდეოფირი, სადაც გამომძიებელთან საუბრისას ერთ-ერთი პატიმარი ამბობს, რომ მან იცის, რომ ბედუკაძემ ერთ-ერთი პატიმარი გააუპატიურა.
ინტერნეტ გამოცემა ITV-სთან საუბრის დროს კი ერთი პირი ამბობს, რომ ბედუკაძე ერთ-ერთი "ჯალათი" იყო რომელმაც ბევრი ადამიანი გააუპატიურა და გაიქცა.
გადაცემაში ვლადიმერ ბედუკაძისა და ჟურნალისტ ნინო ჯღარკავას ფეისბუქ მიმოწერის ე.წ. სკრინშოტიც აჩვენეს, რომლის თანახმადაც ბედუკაძემ კადრების დადგმაში ფული ბიძინა ივანიშვილიდან აიღო.
აღსანიშნავია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაცემის ანონსის გავრცელებისთანავე გააკეთა კომენტარი სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა ნინო ჯღარკავამ. მისი თქმით ეს მასალები ყალბია:
"ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ მოვაწყობდი ბრიფინგს ჩემი კოლეგის წინააღმდეგ. სამართალდამცავებთან მაქვს კონტაქტი და აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. ანონსში მითითებულია ჩემი და ბედუკაძის მიმოწერა თითქოს რაღაც თანხა გადავურიცხე მის მეუღლეს და მოკლედ მოლაპარაკება არის აბსურდი.
ეს არის ფოტოშოპი, ფეიკია ამ ფეიკს ადასტურებს ის, რომ მე მაცვია მაისური რომელიც სტამბულში შევიძინე ესეც ადასტურებს, რომ ფეიკია. მაისური სტამბულში შევიძინე იქ ვიყიდე და როგორ დავწერდი, რომ სტამბულში გავუგზავნიდი ფულს ბედუკაძის მეუღლეს?
ეს ფეიკი შარშან ზაზა გაბედავამ მომაწოდა. ასევე 2014 წელს ლაშა ბერულავამ და მან მიაწოდა ეკა კვესიტაძეს," _ განაცხადა ჯღარკავამ, რომელმაც უკვე მიმართა სასამართლოს და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის ეკა კვესიტაძისგან 100 ათასი დოლარს ითხოვს.
რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ კადრებს სოციალური ქსელის საშუალებით უპასუხა ვლადიმერ ბედუკაძემ:
_ ძალიან, ძალიან უნიჭოები ხართ! საცოდავები! უნიჭო პროვოკატორები, გამყალბებლები… საზიზღარი ბედუკაძე _ ცემს, აწამებს, დასცინის, ხმა ისმის… ერთი კადრი მაინც დაგედოთ ცემის, გაგიჭირდათ?
გგონიათ სასამართლოს მივმართავ ამ სიყალბისთვის? ამ სამი წლის მანძილზე ათასნაირ პროვოკატორ, ე.წ. ჟურნალისტს და მათ მსგავს არსებას გადავაწყდი…
მოდით, დეტალურად განვიხილოთ ეს „ აქამდე უცნობი“ ვიდეო მასალა _ დავიწოთ, იმით, თუ როგორ სპეციალურად ვაწამებდი, ვცემდი, ვაუპატიურებდი და ვდგამდი ასეთ მასალებს.
ცოტა არ იყოს, მეწყინა, რომ კადრებში არსად ვჩანვარ, როგორც წამყვანი ამბობს,როგორ ვუტყამ, ვაწამებ და ვაუპატიურებ პატიმრებს… ისმის მხოლოდ ჩემი ხმა , ან შეიძლება არც ჩემი.. წესია,მაინც მრავლაფეროვნებისთვის კადრში რამედენიმე, განსხვავებული ხმის შემოყავანა.
თურმე, ნუ იტყვი, „ნაციონალური მოძრაობის“ ანკარა წყაროსთვის ჩემი და ქალბატონ ჯღარკავას „მიმოწერა“ კარდინალურად განსხვავდება უკრაინული „ვიკილქსისგან“ და უკიდურესად (!) სარწმუნოდ გამოიყურება.
მერაბიშვილის მარჯვენა ხელის მეუღლის, კვესიტაძის დასკვნით, თურმე ლადო ბედუკაძე, გახლდათ ყველა ამ დადგმის ორგანიზატორი და შემსრულებელი. ეს საზიზღარი ბედუკაძე მონაწილობდა პატიმრების ცემაში, წამებაში და უტეხდა სახელს უმანკო „ნაციონალურ ერთობას“!
აქ ახალი არაფერი გითქვამთ, ეს იგივეა რაც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის 2012 წლის „დასკვნა“ ე.წ. „ციხის კადრების“ შესახებ – ბედუკაძე თვითონაა რეჟისორი , დამდგმელი ოპერატორი და შემსრულებელიც და თუმრე,თავად მე-9 არხიც კი, ბედუკაძის ბინძური ფილმის გასაშვებად შექმნილა.
ქალბატონმა კვესიტაძემ მრავალ სხვათა და სხვათა, ჟურნალისტიკას მიტმასნილ ბიომასებთან ერთად, ბევრი იშრომა, იწვალა, ჭრა, კერა და აწება ფირები ერთმანეთს, თუმცა, ამაოდ.
პროკურატურამ რვა თვიანი გამოძიების შედეგად დაამუშავა მთელი ის მასალა, რაც შეეხებოდა ე.წ. ციხის თემატიკას, სრული მასალა, რაც შეეწხებოდა ე.წ. ციხის კადრების საქმეს.
მინდა გაგაწბილოთ, ჩემო კარგებო, ტყუილად გაისარჯეთ და სიხარულით ახორხოზდით.. თუმცა, თქვენ, დარმუნებული არ ხართ, პროკურატურის მიუკერძოებლობაში, მაგრამ მთავარი ხომ ბრალდებაა, ეს წმინდა წყლის კომუნისტური მეთოდი- შენ დააბრალე და მერე იმან თავი იმართლოს.
ბიძინაზე არ მითქვამს, მართლა, მსგავსი უწმაწური რამ, მაგარმ აი, თქვენს ტელევიზიაზე კი ვიტყვი _ თქვენ მართლა შ…გ. ხომ არ გაქვთ?
მეგობრებო გაფრთხილებთ _ ერთმანეთს არ გადაუზიაროთ ეს ამბავი, რომ გასკდეს, ნაცხროვა ციხეებიდან თავს არ გამოგვაყოფინებს!" _ წერს ბედუკაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
"განსხვავებულ აქცენტებს" გამოეხმაურენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც:
_ კარგი, რომც იყოს დადგმული ციხის კადრები ეს რას ნიშნავს? რომ გასული წლების დროს ციხეში წამება არ იყო? ან პოლიციელები და პროკურატურა არ ძალადობდა პოლიტიკურ აქტივისტებზე ან განსხვავებული აზრის ადამიანებს არ დევნიდნენ?
საჭიროების შემთხვევაში ბიზნესმენებს არ ართმევდნენ ხოლმე წილებს და რიგით მოქალაქეებს მიწის ნაკვეთებს? ეფექტური გამოძიების ჩატარება და წამებაში მონაწილე პირების სამაგალითოდ დასჯაა ახლა მთავარი ამოცანა დღევანდელი მთავრობისთვის (და არა საპროცესოების გაფორმება მათთვის). ასევე იმათი დასჯა ვინც საცოდავი ადამიანების წამების კადრებს ავრცელებენ და მათ უფლებებს არღვევენ და მათ უზომო ტკივილს აყენებენ. ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მსგავსი რამე აღარ განმეორდე. თუ ვინმე ჩაიდენს ზუსტად იცოდეს, რომ პასუხი მოეთხოვება.
ციხეში ენჯოების ალტერნატიული დამატებითი მონიტორინგია გასაკეთებელი და სამართალდამცავების მიერ დანაშაულის ჩადენის გამოსაძიებლად შსს-გან დამოუკიდებელი მექანიზმია შესაქმნელი.
პოლიციაში და პროკურატურაში კი ძველი "მნიშვნელოვანი" გამოცდილების მქონე კადრების შენარჩუნებაც არ არის საჭირო. თორემ კუდი ერქმევა სამსახურს თუ სუსი მაგას არ აქვს მნიშვნელობა, თუ ხალხი იგივეა და მონიტორინგის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ შემაკავებელ მექანიზმს არ შექმნი, _ აღნიშნავს "საერთაშორისო-გამჭირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.
"სამართლიანი არჩევნების" დირექტორი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ "სექსუალური ძალადობა არ ნიშნავს აუცილებლად სხეულში შეღწევას"
_ გადახედეთ თანამედროვე სასამართლოების განმარტებებს, ცოცხები დადგმული იყო თუ არა, არ ვიცი (ისე რაღაც ვერ გავიგე, ჯერ გონებრივად ჩამორჩენილი იყო ეგ პატიმარიო, მერე ამ პატიმარმა დალაგებული ჩვენება მისცა), ისე სულიერად ავადმყოფი ციხეში რატო ყავდათ, ეგეც წამებაა, სხვათა შორის.
მოკლედ, დიახ, ბატონებო, პატიმრების და უკანონოდ თავისუფლება აღკვეთლი ადამიანების მიმართ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების თუ ბადრაგის მხრიდან ხორციელდებოდა ხოლმე ღირსების შემლახავი, არაადამიანური მოპყრობა, წამება, სექსუალური ძალადობა.
ვისაც თავის ქვიშაში ჩაყოფა გინდათ, პოსტეთ, რომ 2012 წელს დაბრმავდა და მოტყუვდა ხალხი. ნაციონალური მოძრაობაც ბევრ სცენას დგამდა, მაგრამ, არ უშველა. როგორღაც ვარჩევთ ხალხი (ხან გვიან, ხან ადრე) რაა სწორი და რა გაყალბებული.
მოკლედ, მინდა ვთქვა, რომ ძალიან გთხოვთ, გავიარეთ ეგ თემა, თვითონ ნაციონალურმა მოძრაობამ აღიარა, რომ იყო პრობლემა. რამე ახალზე ვილაპარაკოთ და საინტერესოზე, _ ამბობს ლომჯარია.
_