"ქართული ოცნების" პარტიული კონფერენცია ლანჩხუთში დღის სამი საათისათვისაა დაგეგმილი. წინასწარი ინფორმაციით, ყრილობაზე პარტიის აღმასრულებელი მდივნის არჩევა იგეგმება.
კონფერენციაზე დასწრებას გეგმავენ როგორც საჯარო მოხელეები, ასევე ა(ა) იპის თანამშრომლები. მათ შორის არის გამგეობის სოციალური სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების გამგე ქეთი ებრალიძე, რომელიც ჩვენთან საუბარში ადასტურებს პარტიულ კონფერენციაზე დასწრებას.
"დიახ, ვაპირებ დასწრებას და სამსახურებრივი უფლებამოსილება დროებით შეჩერებული მაქვს პირადი განცხადების საფუძველზე"– გაგვიცხადა ებრალიძემ.
კონფერენციაზე დელეგატის სტატუსითაა მიწვეული ა(ა)იპ "სკოლამდელი საააღმზრდელო ცენტრის" ხელმძღვანელი დავით წულაძეც , რომლის თქმითაც, მას და მის რამდენიმე თანამშრომელს, რომლებიც ამ კონფერენციაზე დასწრებას აპირებენ, უფლებამოსილებები დროებით შეჩერებული აქვთ.
მართალია პარტიის წევრი არ არის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მაგული კუნჭულია, მაგრამ ის მაინც გეგმავს ამ შეხვედრაზე მისვლას.
"ბუნებით ცნობისმოყვარე ვარ და მინდა ამ შეკრებას დავესწრო, განცხადებაც დავწერე და უფლებამოსილება დროებით მოვიხსენი, რადგან სამსახურის საათებია და რამე გაუგებრობა რომ არ მოხდეს" – გვითხრა კუნჭულიამ.
იურიდიულად რამდენად გამართლებულია საჯარო მოხელეთა ეს გათავისუფლებები, ამ საკითხზე ექსპერტს ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში, ირაკლი პაპავას დავუკავშირდით. "მსგავსი შეზღუდვები არ ვრცელდება ისეთ პოლიტიკურ ფიგურებზე როგორიც საკრებულოს წევრები და გამგებელია, თუმცა დანარჩენი საჯარო მოხელეები საკუთარ მოვალეობას უნდა ასრულებდნენ. განცხადებების დაწერას უფლება-მოვალეობის შეჩერების შესახებ არ შეიძლება მასიური ხასიათი ქონდეს."-განაცხადა პაპავამ.