პარიზის სან-დენის გარეუბანში, ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად შვიდი ადამიანია დაკავებული, რომელთაგან სამი ტერორისტია. დაზუსტებული მონაცემებით, სპეცოპერაციის დროს მსუბუქად ხუთი სამართალდამცველი დაიჭრა.
საფრანგეთის პროკურატურის ინფორმაციით, ოპერაციის დროს ორი ტერორისტი დაიღუპა, აქედან ერთ-ერთმა, თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა შტურმისას თავი აიფეთქა.
ანტიტერორისტული ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება და, როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, დასასრულს უახლოვდება.
ფრანგული მედიის ცნობით, ტერორისტები პარიზის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ბიზნეს რაიონ დეფანსში ტერაქტს ამზადებდნენ.
"პოლიცია, ანტიტერორისტული სამსახურების საინფორმაციო ბაზაზე დაყრდნობით და საზღვარგარეთიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ეძებს ტერორისტებს, რომლებიც ტერაქტის განხორციელებას გეგმავდნენ. აღნიშნული ჯგუფი თავდასხმას დეფანსის რაიონზე აპირებდა", – განაცხადა წყარომ სააგენტო "როიტერთან" საუბარში.
რადიოსადგური RTL იტყობინება, რომ მოკლულთა ან დაკავებულთა შორის არ ფიგურირებს პარიზის ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორი აბდელჰამიდ აბაუდი.