შემოდგომის ბოლოს, ჩვენი კარმიდამოს ყვავილები, ძირითადად ისინი, რომლებსაც ხანგრძლივი ყვავილობა ახასიათებს, უკვე ხმობის პერიოდშია და მზიან ამინდში უნდა მოვაცალოთ სათესლე პარკუჭები თუ თავთავები, შევაგროვოთ, დავწეწოთ და 15-20 დღის განმავლობაში, ქაღალდზე ან ფართო თასზე გაფენილი ვამყოფოთ ოთახის ტემპერატურაზე.
შემდეგ შევინახოთ დოლბანდში ან ქაღალდში შეხვეული. ნუ ჩაყრით ცელოფანის პარკში, რადგან ადვილი შესაძლებელია, სინესტე შეეპაროს და აღმოცენების უნარი დაკარგოს.
ძირითადად ასე უნდა შევინახოთ ცინიების, ასტრების, პეტუნიების, დეკორატიული ზაფრანის და მის მსგავსთა თესლი. ეს ის ყვავილებია, რომლებიც ძირითადად გაზაფხულიდან შემოდგომის ბოლომდე ჰყვავის და ჩვენს კარმიდამოებში პოზიტიური განწყობის ულევ წყაროს წარმოადგენს. აქვე გირჩევთ, რომ თქვენს კარმიდამოში ხანგრძლივად მოყვავილე მცენარეები დათესოთ და დარგოთ.
რაც შეეხება ძირხვენებს, ბოლქვებიან ყვავილებს, როცა გამხმარ მიწისზედა ნაწილს მიაჭრით, ფრთხილად შემოუთოხნეთ, მიწა კარგად შემოაყარეთ, რადგან არაერთხელ ხდება ისე, რომ ბოლქვები ნაწილობრივ მაინც შიშვლდება, რასაც მერე ზამთრის სიცივე ყინვის გარეშეც აზიანებს. ამ მხრივ განსაკუთრებით მგრძნობიარეა გეორგინები, განსაკუთრებით, ყვითელი ფერის. გეორგინას ბოლქვების შენახვაც შეიძლება _ ფრთხილად ამოვიღებთ მიწიდან, ჯერ დავაწყობთ ოთახის ტემპერატურის გარემოში, რომ კარგად გაშრეს. მერე ჩავაწყოთ პატარა ნაჭრის ტომარაში და ოთახისავე ტემპერატურაზე შევინახოთ ზამთრის განმავლობაში. ნუ დავდებთ ბეღელში ან სხვა ცივ ნაგებობაში, რადგან ძალიან მგრძნობიარეა სიცივის მიმართ და ადვილად იყინება.