ატო-სთან დაკავშირებით ჩვენ არ გვსურს რაიმე განსაკუთრებული მოლოდინის შექმნა. ეს თვითონ ალიანსის გენერალური მდივნის და პარტნიორი ქვეყნების რეკომენდაციაა , _ ამის შესახებ ჟურნალისტებს პარიზში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველო ზედმიწევნით კარგად აკეთებს, რაც მისი მხრიდან არის გასაკეთებელი, თუმცა "რა თქმა უნდა, ვერ გადაწყვეტს იმას, რაც თავად ნატო-ს გადასაწყვეტია".
"ჩვენ ველოდებით ვარშავის სამიტს, მანამდე არ გვსურს რაიმე განსაკუთრებული მოლოდინის შექმნა. თვითონ ნატო-ს გენერალური მდივნის და ზოგადად ჩვენი პარტნიორი ქვეყნების რეკომენდაციაა, რომ მოსახლეობა წინასწარ არ შევიყვანოთ შეცდომაში ან ერთმანეთს არ შევუქმნათ იმედები და შემდეგ არ გავუმტყუნოთ. აქ საჭიროა მშვიდად მივყვეთ მოვლენებს და პროცესებს. რაც ჩვენი მხრიდან არის გასაკეთებელი, ზედმიწევნით კარგად ვაკეთებთ. არავითარი ჩამორჩენა არ გვაქვს. მე გავიხსენებდი უელსის სამიტზე მიღებულ პაკეტს – ჩვენ ამ გეგმის მიხედვით ვმოქმედებთ და სრულად გვაქვს შესრულებული ყველა ვალდებულება. დანარჩენი, რა თქმა უნდა, არის დამოკიდებული მსოფლიო გლობალურ სიტუაციაზე, რომელიც ფართო რეგიონში არსებობს", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მსოფლიოში სიტუაცია დღეს აბსოლუტურად განსხვავებულია, ვიდრე იყო თუნდაც გასულ წელს.
"ჩვენ ყველა ეს რეალობა და ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ და არ მოვატყუოთ ერთმანეთს", – განმარტა პრემიერ-მინისტრმა.
აღნიშნულის კონტექსტში მთავრობის მეთაურმა მოუწოდა ყველას, ნატო-სთან დაკავშირებით ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვისგან და ცრუ მოლოდინის შექმნისგან თავი შეიკავოს.
"ჩვენ სრულად მივყვებით დასახულ მიზანს და გეგმას, მაგრამ იმას, რაც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება, რა თქმა უნდა, ვერ გავაკეთებთ. იმას, რაც არის ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების და თავად ნატო-ს გადასაწყვეტი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გადავწყვეტთ. ასე რომ, მე მოვუწოდებ ყველას, რომ ამ საკითხზე არ არის საჭირო ზედმეტი აჟიოტაჟის და ცრუ მოლოდინების შექმნა. ჩვენ მშვიდად უნდა მივყვეთ და ყველამ თავისი საქმე აკეთოს. დადგება დრო, როცა ჩვენი სახელმწიფო იქნება მზად იმისთვის, რომ გახდეს ნატო-ს წევრი. ეს შეიძლება იყოს ხვალ, შეიძლება ზეგ, შეიძლება მაზეგ, მაგრამ ამის განსჯა დღეს არის საკმაოდ რთული, ვითვალისწინებთ რა იმ რეალობას, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით", – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.