ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროექტს შეფერხება ერთი დღითაც არ ჰქონია.
ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
მისი განმარტებით, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ამ საკითხზე კომენტარს ნამდვილად არ დაიზარებს.
"გამომდინარე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან მე ნამდვილად არ დავიზარებ ყოველთვის გავაკეთო კომენტარი მრავალჯერ გაჟღერებულ აპოკალიფსებზე, რომ დაიქცა საყოველთაო ჯანდაცვა. წელიწადი მთავრდება და ალბათ, საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ერთი დღითაც არ ჰქონია შეფერხება პროექტს", _ განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ პროგრამის ბიუჯეტში მხოლოდ ერთი კვირის თანხაა დარჩენილი, თანხის ნაწილის დამატება კი, სამინისტროს საავადმყოფოების დაჯარიმების ხარჯზე მოუწევს.
"დღემდე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ყოველდღიური საკასო ხარჯი საშუალოდ 1,56 მლნ ლარია. დეკემბერში პროგრამას მინიმუმ 48 მლნ ლარი სჭირდება. ეს არ ნიშნავს, რომ დამატებითი 36 მლნ ლარი კიდევ რომ იქნას მოძიებული, ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების დავალიანებას სრულად დაფარავს. დავალიანება დარჩება და ეს მედპერსონალის ხელფასების გაუცემლობაში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდაში აისახება. აღსანიშნავია, რომ 2 კვირაც არ გასულა, რაც მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროს 96 მლნ ლარით გაუზარდა დაფინანსება.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ქრონიკულად დეფიციტურ ბიუჯეტს ამ თანხიდან 50 მლნ ლარი ერგო და პროგრამის უკვე 484 მლნ ლარამდე გაზრდილი ფინანსები 534 მლნ ლარამდე გაიზარდა", _ განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მისივე თქმით, უცნობია, საიდან მოიძიებს დავით სერგეენკო კიდევ 36 მლნ ლარს. ჯანდაცვის სამინისტროს დავალიანება საავადმყოფოების მიმართ კი 100 მლნ ლარზე მეტია და, საგანგებო ზომების მიღების გარეშე, მედპერსონალის მნიშვნელოვან ნაწილს 2016 წლის იანვრამდე უხელფასოდ მუშაობა ემუქრება.
ამავე თემაზე: