პეკინის გამზირი ხვალ, 11:00-დან 18:00 საათამდე გადაიკეტება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საგზაო სამუშაოების შეუფერხებლად და დროულად დასრულების მიზნით, პეკინის გამზირი, ჟვანიას სახელობის მოედნიდან ეროვნულ არქივამდე არსებული მონაკვეთი ორივე მიმართულებით, 5 დეკემბერს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გადაიკეტება და საავტომობილო მოძრაობა სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება.
ასევე, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ბოტანიკურისა და ყავლაშვილის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით სამუშაოებს იწყებს. სამუშაოების განხორციელებისას აღნიშნულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება, კერძოდ, ბოტანიკურის ქუჩაზე მიმდინარე წლის 5 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ყავლაშვილის ქუჩაზე, 5 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც შპს "ბაზალტი 2011" აწარმოებს, დაზიანებული ქვაფენილისა და განივი დამჭერების მოხსნას და ახლით ჩანაცვლებას ითვალისწინებს.