წუხელ საქართველოს ყველა მაღალმთიან რეგიონში კვლავ ძლიერი თოვა იყო.
მთელი ღამის განმავლობაში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურერბის მიერ გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, გომბორის უღელტეხილზე, აჭარის მაღალმთიან რაიონებში და ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზაზე. რის შედეგადაც, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა ყველა აღნიშნულ მიმართულებაზე.
ამ დროისათვის, მოძრაობა შეზღუდულია მხოლოდ მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე, სადაც ზვავსაშიშროება უკვე მოიხსნა. აღნიშნულ მონაკვეთზე, დილიდან, ინტენსიური თოვისა და ძლიერი ქარის პირობებში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. იმ შემთხვევაში, თუ მეტეოროლოგიური პირობები არ გაუარესდება, მოძრაობის გახსნა დღის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.
ამავე გზის მლეთა-გუდაურის და კობი–ლარსის მონაკვეთებზე, თოვლისა და ლიპყინულის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-გუდაურის(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთებზე თავისუფალია.