საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით 6 დეკემბერს თურქეთში მიემგზავრება. დელეგაციის შემადგენლობაში პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად მიხანაშვილი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი არსოშვილი და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბაია ცანავა შედიან.
ვიზიტის ფარგლებში, კახა კახიშვილი დელეგაციასთან ერთად, ანკარაში თურქეთის იუსტიციის მინისტრს ბექირ ბოზდაღს და სასჯელაღსრულებისა და საპატიმროების გენერალურ დირექტორს ენის იავუზ ილდირიმს შეხვდება. მხარეები შეხვედრაზე ერთმანეთს პენიტენციური სისტემის მართვის სფეროში გამოცდილებას გაუზიარებენ და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრებენ. გარდა ამისა, საუბარი შეეხება თურქეთის პენიტენციურ დაწესებულებებში ქართველ მსჯავრდებულთა პირობებსა და უფლებრივ მდგომარეობას.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი სტამბოლის N3 L ტიპის დახურულ სასჯელაღსრულების დაწესებულებას ეწვევა და იქ მყოფ ქართველ მსჯავრდებულებს შეხვდება. მინისტრი ქართველი პატიმრებს გაესაუბრება და მათი სასჯელის მოხდის პირობებს ადგილზე გაეცნობა.
"ვიზიტი თურქეთის იუსტიციის მინისტრის მოწვევით შედგება. დაგეგმილ შეხვედრებზე ჩვენ აუცილებლად დავინტერესდებით ჩვენი თანამოქალაქეების საყოფაცხოვრებო პირობებით თურქეთის საპატიმრო დაწესებულებაში. უკვე გვაქვს კონკრეტული საკითხები, რომელიც თურქეთის ციხეებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ეხებათ. საქართველოში ხელს ვუწყობთ თურქეთის მოქალაქე მსჯავრდებულებს, რომ ერთ დაწესებულებაში იყვნენ შეძლებისდაგვარად და კომუნიკაციის პრობლემა არ ჰქონდეთ. ანალოგიური თხოვნა გვექნება თურქეთის იუსტიციის მინისტრთან, რომ იქაურ საპატიმროში მყოფ ქართველ მსჯავრდებულებს არ ჰქონდეთ ერთმანეთთან კომუნიკაციის პრობლემა. ჩვენ მაგალითად, თურქეთის მოქალაქეებისთვის სპეციალური თურქულენოვანი არხები შემოვიყვანეთ, რათა საქმის კურსში იყვნენ და შეიტყონ რა ხდება. რამდენადაც ვიცი, ჯერჯერობით, თურქეთის ციხეებში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს არა აქვთ ამის საშუალება და ამ საკითხებს დავაყენებთ. ასევე, ექსტრადიციის თემებსა და ურთიერთანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ვისაუბრებთ", – განაცხადა კახა კახიშვილმა.
ვიზიტის ფარგლებში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი არსოშვილი თურქეთში პრობაციის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღებს მონაწილეობას.
ვიზიტი 9 დეკემბერს სრულდება.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პენიტენციური სისტემის განვითარების პროცესში, ამ სფეროში პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების გამოცდილების გაზიარებასა და მათთან თანამშრომლობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამასთან, პენიტენციური სისტემის რეფორმის ძირითადი ორიენტირი მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაა, მათ შორის, უწყება ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორია სხვა ქვეყნების პენიტენციურ დაწესებულებებში საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება.
(R)