სასტუმრო შერატონში გაიხსნა მეორე საერთაშორისო კონგრესი თემაზე "ქართული ნიორი მსოფლიოს", რომელშიც მონაწილეობდნენ მეწარმეები და სამეცნიერო ელიტის წარმომადგენლები მსოფლიოს 30 წამყვანი ქვეყნიდან. კონგრესი სიტყვით გახსნა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ.
შეხვედრაზე მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი ქვეყნების გამოცდილება ნიორის კულტურის ახალი ჯიშების შერჩევის, წარმოებისა და რეალიზაციის შესახებ. კონგრესი მიზნად ისახავს საქართველოსთვის საერთაშორისო კავშირების გაფართოებასა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებით საქართველოს გასვლას საერთაშორისო ბაზარზე. აჭარაში ნიორის კულტურასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე პრეზენტაცია აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ლევან ბოლქვაძემ გააკეთა, რომელმაც ორგანიზაციის მიერ მაღალმთიან აჭარაში ფერმერთათვის გაკეთებულ ნივრის სადემონსტრაციო ნაკვეთებზე გააკეთა აქცენტი.
კონგრესი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კომპანია "მსოფლიო ტექნიკა" საქართველოში და კომპანია "საუკეთესო ნიორი" უკრაინაში ორგანიზებით იმართება. ის ორ დღეს გაგრძელდება და მას 60-მდე ადამიანი დაესწრო ისეთი ქვეყნების სამეცნიერო უნივერსიტეტებიდან და ბიზნესს სექტორიდან, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, იტალია, ინგლისი, ესპანეთი, საფრანგეთი, ნორვეგია, კანადა და სხვა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ცენტრისა და სხვა სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონგრესს ნივრის სადემონტრაციო ნაკვეთების მფლობელი ფერმერებიც ესწრებოდნენ.