ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დასასრულს განცხადება გააკეთა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო გოგუაძემ. მან პირდაპირ მიმართა დეპუტატებს და განაცხადა, რომ ნასვამ მდგომარეობაში არცერთი დეპუტატი არ უნდა ესწრებოდეს საკრებულოს და ბიუროს სხდომებს.
"მეტსაც გეტყვით. ეს არის უპასუხისმგებლობა, როდესაც დეპუტატს არ აქვს გააზრებული მისი მოვალეობები. გუშინ ბიუროს სხდომაზე ნასვამ მდომარეობაში იმყოფებოდა დეპუტატი გოჩა მგელაძე, რომელიც არაადეკვატურად იქცეოდა და ასევე არაადეკვატურ კითხვებს სვამდა. მაგალითად, მან მოითხოვა პასუხი კითხვაზე, რატომ აქვს ანსამბლ "გურიას" დიდი დაფინანსება. მისივე თქმით, თურმე საკრებულოში უნდა მოვიწვიოთ მოცეკვავეები და უნდა ვნახოთ, როგორ ცეკვავენ ისინი."
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, აუცილებლად უნდა მოხდეს მსჯელობა ამ ფაქტზე.
გოჩა მგელაძე "გურია ნიუსთან" სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ ის ბიუროს სხდომაზე ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა.
"ნამდვილად არ ვიმყოფებოდი ნასვამ მდგომარეობაში. არც არაადეკვატურად მოვქცეულვარ. "- გვითხრა მგელაძემ.