ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში სამი უკიდურესად ხელმოკლე და სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს _ სოსო და მარინა კაპანაძეები მრავალშვილიანი მშობლები არიან და სხვა მრავალ გასაჭირთან ერთად, უმთავრესი, რაც აწუხებთ, სახურავდაზიანებული სახლია, რომლის ნახევარ ნაწილში, წვიმის დროს, წყალი ჩამოდის.
ავთო და ხათუნა ცინარიძეები მცირეწლოვანი შვილებით ქოხში ცხოვრობენ, რომლის შეკეთებას დიდი ხანია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ჰპირდება. თუმცა, დაპირება ჯერ არ შესრულებულა და ჩამონგრევის პირას მისული კედლები, ძნელი სათქმელია, გაუძლებს თუ არა მოახლოებულ ზამთარს.
პენსიონერი ცარო ტყეშელაშვილი მარტო ცხოვრობს ძველისძველ სახლში, რომელსაც ქარმა სახურავი მოჰგლიჯა, რის შესახებაც "გურია ნიუსი" კიდეც, თუმცა, აქამდე არანაირი დახმარება არ მიუღია.
სოსო და მარინა კაპანაძეებს ხუთი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ. მათ ეძლევათ შესაბამისი დახმარება, თუმცა, ეს ყველაფერი ბავშვების გამოსაკვებადაც ძლივს ჰყოფნით. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ, წინასაახალწლო თუ სხვა სადღესასწაულო დღეებში, კაპანაძეებს არაერთხელ გაუწია დახმარება საკვები პროდუქტით და საოჯახო ნივთებით, თუმცა, მათი ძირითადი პრობლემა სახლის დაზიანებული სახურავია.
სოსო კაპანაძე: "დაზიანებულ ჭერს არ ვჩივი, სულ არ მინდა ეს ჭერი, ოღონდ შიფერი მომცენ, რომ გადავხურო და წყლისგან თავი დავიცვა. უმადური ადამიანები არ ვართ, ხელისუფლება საკვები პროდუქტებით გვეხმარება, შარშან მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე პირადად გვეწვია ოჯახში საახალწლოდ და საჩუქრებით გაგვახარა. "გურია ნიუსში" გამოქვეყნებული წერილის წაკითხვის შემდეგ მოსკოვიდან ქართველი ქალბატონი შეგვეხმიანა და სარეცხი მანქანა საჩუქრად გადმოგვცა. მადლობელი ვარ, კვლავ თქვენი იმედით ვცოცხლობ. ხუთ შვილს ვზრდით და თავზე გვაწვიმს. უმთავრესი ჩვენთვის ამ სახლის გადახურვაა. იქნებ, ნაწილობრივ მაინც დაგვეხმარონ. კი გვპირდებიან, მაგრამ უკვე დაზამთრდა, წვიმამ იმატა და ჭერიც, სადაცაა ჩამოვარდება".
ავთანდილ და ხათუნა ცინარიძეების ქოხი საცხოვრებლად, თითქმის, გამოუსადეგარია, მაგრამ სხვა გზა არ აქვთ. ამ ოჯახს გასულ წელს შეპირდნენ დახმარებას, მისცეს გარკვეული რაოდენობის შიფერი, თუმცა, ასევე შეპირებული იყვნენ, რომ მისცემდნენ სამშენებლო "ბლოკს", რომლის გარეშეც ამ ქოხის გადახურვა შეუძლებელია, რადგან ხის ფიცრულის მარცხენა კედელი, ფაქტიობრივად, ჩამოშლის პირასაა და მასზე სახურავის ახალი საყრდენის მოთავსება სრულიად შეუძლებელია.
ავთანდილ ცინარიძე: "შიფერი მომცეს და მადლობელი ვარ, თუმცა, ნათქვამი ჰქონდათ, რომ ამ შიფერთან ერთად, ცემენტის ბლოკებსაც მოგვცემდნენ. ჯერჯერობით, ამაოდ ველოდებით. როგორ დავხურავ სახლს ზემოდან, როცა კედელი უვარგისია? ორჯერ რომ ჩაქუჩი დაუკაკუნო, ჩამოიშლება და მინდორში აღმოვჩნდებით. ზამთარი მოვიდა ამ ლოდინში და შეხედეთ ამ კედლებს, გაძლებს გაზაფხულამდე? უნდა ვილოცოთ, რომ დიდი თოვლი არ მოვიდეს", _ გვეუბნება ავთო ცინარიძე.
ცარო ტყეშელაშვილი იმედს არ კარგავს, რომ დაეხმარებიან:
"მარტო ვცხოვრობ. ჩემი სახლი ძალიან ძველია, მეორე სართულზე ასვლისაც მეშინია. ქარმა სახურავი ააგლიჯა და ერთ მხარეს მუდამ წყალი ჩამოდის. ვედროებს და ქვაბებს ვდგამ მეორე სართულზე, რომ წყალი არ ჩამოვიდეს. ამ ზაფხულს შემპირდნენ დახმარებას, მაგრამ ზამთარი მოდის და შიშისგან აღარ ვარ. მაინც იმედით ვარ _ ასე როგორ დამტოვებენ? ასჯერ შემპირდნენ და ერთხელ არავინ დამეხმარება? სახლის დადგმას ხომ არ ვითხოვ? წყალი რომ არ ჩამოვიდეს, ისე მინდა, გაკეთდეს", _ ამბობს ცარო ტყეშელაშვილი, რომელსაც არაერთი ავადმყოფობა აწუხებს, მაგრამ თავს ძალას ატანს, რომ როგორმე სახლ-კარს მიხედოს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ჭანიეთში მერაბ ბერაძე "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს: _ კაპანაძეების ოჯახს, ვფიქრობ, მომავალ წელს თუ დაეხმარებიან. წელს გადასაცემი მასალების სიაში ცარო ტყეშელაშვილის ოჯახია _ მას შიფრის გარკვეული რაოდენობა უნდა გადაეცეს. ცინარიძეების ძალზე გაჭირვებული მდგომარეობაც ვიცი. მათ იციან, რომ უყურადღებოდ არ ვტოვებ და გამგეობაში გაცხადებული მაქვს. ახლაც თათბირზე წასასვლელად ვემზადები და ამ თემაზე მექნება საუბარი. სხვა რა გითხრათ? _ ამბობს ბერაძე.
ჩვენ მივმართეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს ბადრი გობრონიძეს: "მახსოვს, რომ ჩემთან იყავით ცინარიძის ოჯახის წარმომადგენელთან ერთად. დაპირებაც მახსოვს, თუმცა, ისე შეზღუდული ვართ თანხების მხრივ, რომ ამ წლის მიწურულს, გადასაცემი საშენი მასალების სიაში სოფელ ჭანიეთიდან შეტანილია ოთარ ლომჯარიას და სოსო ხავთასის ოჯახები. მათ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა აქვთ. რაც შეეხება კაპანაძის, ცინარიძის და ტყეშელაშვილის ოჯახებს, მათი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაც ვიცით, თუმცა, ახლა არანაირი საშუალება არ არის მათ დასახმარებლად. ახალი წლის დასაწყისში, პირველივე თვიდან ამ ოჯახების დახმარებაზე ვიზრუნებთ და არ დავტოვებთ უყურადღებოდ", _ გვითხრა გობრონიძემ.