ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ურეკის კულტურის სახლში მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.
სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტ "ეტალონის" წარმომადგენლობამ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინტელექტ-ჩემპიონატი ჩაატარა.
„ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის 21 მოსწავლე შეეჯიბრა. ფინალურ ტურში გამარჯვება სოფელ შრომის საჯარო სკოლის მოსწავლემ გიორგი ხომერიკმა მოიპოვა. გამარჯვებულს დიპლომი საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ გადასცა.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ განათლების ხელშეწყობაა. ჩვენ დიდი სიამოვნებით ჩავერთეთ სოციალურ-საგანმანათლებლო მედია პროექტ "ეტალონში“, რომელიც განათლების სტიმულირებას უწყობს ხელს. განათლებული ახლაგაზრდები კი ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავლის გარანტია.
ვულოცავ თითოეულ მონაწილეს, ისინი უკვე გამორჩეულები არიან თავიანთი ინტელექტითა და ცოდნით. გამარჯვებულ გიორგი ხომერიკს კი ვუსურვებ, დედაქალაქშიც სათანადოდ წარმოაჩინოს ჩვენი მუნიციპალიტეტი და საკუთარი შესაძლებლობები. მადლობა „ეატლონის“ შემოქმედებით გუნდს, ამ საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისათვის.“ – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ.
პროექტის ყველა მონაწილეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ და გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის, სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა მაიზერ ცელაძემ სიგელები გადასცეს.
ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“, საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში ჩატარდება. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს მთავრობა (რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თბილისის მერია და საკრებულო, ასევე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.