საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, განათლების სისტემის შედეგზე ორიენტირებული რეფორმა მალე უზრუნველგვყოფს თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი სპეციალისტებით, მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კადრებით.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის შემდეგ ყველაზე დიდი ინვესტიცია განათლების სისტემაში განვხორციელდა.
"აღსანიშნავია, რომ 2012 წელთან შედარებით განათლებისა და მეცნიერების ბიუჯეტი 55%-ით არის გაზრდილი. განათლების სისტემის რეფორმა მოიცავს განათლების სრულ ციკლს – საბავშვო ბაღებს, სკოლას, უმაღლეს და პროფესიულ განათლებას, გადამზადებას. 82%-ით გავზარდეთ მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების დაფინანსება. 3-ჯერ გაიზარდა სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების დაფინანსება, 2.5-ჯერ გაიზარდა მეცნიერ-თანამშრომელთა ხელფასები. 24 მილიონი ლარით დაფინანსდა სამეცნიერო ინფრასტრუქტურისა და კვლევითი ბაზის განახლება. 60 მილიონი ლარით დაფინანსდა საუკეთესო სამეცნიერო-კვლევითი პროექტები.
65%-ით გაიზარდა მასწავლებლის საბაზო ხელფასი. 2016 წელს კი ზრდა 70-80%-ს მიაღწევს. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის მათი შრომის შესაფერისი ანაზღაურება. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა სათანადოდ დავაფასოთ ადამიანები, ვისაც ჩვენი შვილების ბედი, მომავალი თაობების აღზრდა ვანდეთ.
დღეს ნახევარი მილიონი მოსწავლე სარგებლობს უფასო სახელმძღვანელოებით. 1150-ზე მეტ მოსწავლეს, რომლებიც წლების განმავლობაში ფეხით გადიოდნენ კილომეტრებს სახლიდან – სკოლამდე, დღეს სასკოლო ტრანსპორტი ემსახურება. მსოფლიო ბანკის კვლევის მონაცემებით, ამ პროგრამებმა ოჯახის დანახარჯი ზოგად განათლებაზე 60 პროცენტით შეამცირა", _ განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, მთავრობა ინტენსიურად მუშაობს ინკლუზიური განათლების განვითარებაზე. მისივე თქმით, მთავარი მიზანია თითოეული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის შეიქმნას შესაფერისი საგანამანთლებლო გარემო.
პრემიერის განცხადებით, ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა შრომის ბაზარზე ორიენტირებული, ხარისხიანი პროფესიული განათლებისთვის და 2013 წლიდან ეს მიმართულება სრულად ფინანსდება.
როგორც ღარიბაშვილი აცხადებს, გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები უმაღლესი განათლების სფეროში.
"დღეს სახელმწიფო აფინანსებს 21 საბაკალავრო პროგრამას, პირველად ამოქმედდა დოქტორანტების დაფინანსების პროგრამა. გასამმაგდა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა, გაიზარდა სასტიპენდიო ფონდები. დევნილი და სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის, განსაკუთრებით ნიჭიერი სტუდენტებისთვის, რომელთაც ჭირდებათ საცხოვრებელი თბილისში, ლისის ტბის ფერდობზე თანამედროვე სტანდარტების 320 ადგილიან სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს ვაშენებთ. ეს კომპლექსი მოიცავს კულტურულ და სპორტულ ინფრასტრუქტურას. მაქსიმალურ კომფორტს შევუქმნით განსაკუთრებით ნიჭიერ სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს. მსურს აღვნიშნო შეერთებული შტატების, სხვა საერთაშორისო პარტნიორების თანადგომა. ისინი ჩვენი ახალგაზრდობის ნიჭსა და უნარებში დიდ პოტენციალს ხედავენ. სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ახორციელებს ამერიკული ბაკალავრიატის პროგრამებს ქიმიაში, ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში. სახელმწიფო პოლიტიკა სტიმულს აძლევს საინჟინრო და ტექნიკური სპეციალობების პოპულარობის ზრდას. საკუთარი გამოცდილებით კარგად ვიცი მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტში სწავლის ფასი. ამიტომ, განასაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ განათლების საერთაშორისო ცენტრის საქმიანობას, რომელიც ნიჭიერ და მოტივირებულ სტუდენტებს უცხოეთის პრესტიჟულ სასწავლებლებში განათლების მიღებაში ეხმარება. უკვე 192 ახალგაზრდას დავუფინანსეთ გრანტი საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლისათვის", _ აღნიშნა პრემიერმა.


































































