"ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის შემადგენლობას ნდობას არ გამოუცხადებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, მინისტრთა კაბინეტში არც კონცეპტუალური და არც შემადგენლობის კუთხით არაფერი იცვლება.
"ეს ხალხი ასოცირებულია ეკონომიკურ დაღმასვლასთან, რაც მთავრობის უპირველესი პასუხისმგებლობაა. ამავე დროს, ეს ადამიანები რჩებიან ქვეყნის რეალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის სურვილების შემსრულებლად, რაც საქართველოს საერთოდ აგდებს კონსტიტუციური სისტემიდან, კანონიერების ველიდან. ქვეყანა იმართება არაფორმალური ლიდერის მიერ", -განაცხადა დარჩიაშვილმა.
რაც შეეხება მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრას, "ნაციონალური მოძრაობა" მათთან აუდიენციაზე ყურადღების გამახვილებას რამდენიმე საკითხზე გეგმავს.
"მე ვთვლი, რომ არაფორმალური მმართველობის სტილზეა სასაუბრო. როგორც ჩანს, რიტორიკული კითხვები იქნება, რადგან ეს ხალხი არ აპირებს სერიოზულად ამ ყველაფერზე საუბარს. საუბარი შეეხება იმასაც, რომ პენსიების რეალური ზრდის არავითარი ნება არ გააჩნია ამ ხელისუფლებას, რომ ეკონომიკაში არის პრობლემები, რომ გაჩერებულია ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც სამუშაო ადგილები და ინვესტიციები უნდა უზრუნველეყო", -განაცხადა დარჩიაშვილმა.