დიდივანი, შუასურები, ზემო სურები, თავსურები, ზოტი, ჩხაკაურა, ქვაბღა, ქვენობანი, ბასილეთი, ვანზომლეთი ახალ წლამდე რამდენიმე საათით ადრე უშუქოდ დარჩა. მოსახლეობა დახმარებას "გურია ნიუსს" სთხოვს და "ენერგო პრო ჯორჯიას" უყურადღებობაში ადანაშაულებს:
_ თოვლი რომ მოვიდოდა ერთი კვირით ადრე იცოდა ყველამ. თუმცა "ენერგო პრო ჯორჯია", როგორც ყოველთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა. ამბობენ, რომ დიდთოვლობის გამო ბოძები წაიქცა _ 10 თეთრი რომ დაგრჩეს გადაუხდელი შუქს გამორთავენ და ამდენი ხნის განმავლობაში ბოძების გამოცვლა ვერ მოახერხეს.
წუხელ მერე ამდენი სოფელია გამორთული და ამბის მკითხავიც კი არ გვყავს. ძალიან გთხოვთ თქვენ მაინც დაგვეხმარეთ, მიაწვდინეთ ხელისუფლებას ხმა. რამდენიმე საათში ახალი წელი დგება და ჩვენ ისევ შუქის მოლოდინში ვართ, _ აღნიშნავენ "გურია ნიუსთან" სატელეფონო საუბრისას მოქალაქეები.
განსაკუთრებით აღშფოთებულები არიან სურების ხეობაში მცხოვრები ადამიანები:
_ წელს გამოცვალეს ბოძები და ახლა ამბობენ ბოძები წაიქცაო. 70 სანტიმეტრმა თოვლმა თუ ვერ გაუძლო რა დანიშნებულება აქვს ბოძს? ეს იმის ბრალია, რომ მათ პასუხს არავინ სთხოვს, _ ამბობენ სურებლები, რომლემბსაც ამ დრომდე არა აქვთ პასუხი კითხვაზე მოხერხდება თუ არა ახალ წელს შუქის ჩართვა.
_ შევარდნაძის დროს ახალი წლის მოსვლა იმიტომ გვიხაროდა, რომ შუქი მოდიოდა?! მთავრობას არ უსაყვედუროთო და აბა რა გავაკეთოთ?! სადაა მთავრობა? რატომ არ სთხოვს ამ კომპანიას პასუხს? სტიქიის და თოვლის ბრალიაო _ ამ კომპანიისთვის სულ სტიქია და სულ პრობლემაა. ნიავის ამოვარდნაზეც კი შუქი ითიშება, _ აცხადებენ მოქალაქეები.
"ენერგო პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ავთო დვალიშვილი ამბობს, რომ ელექტროენერგიის გატიშვა სტიქიამ გამოიწვია. მისივე თქმით დიდთოვლობის გამო რამდენიმე ბოძი წაიქცა და დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. დვალიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის, სურების ხეობის გარდა ყველგან მოხერხდა ელექტროენერგიის ჩართვა, თუმცა ჩვენს მიერ გადამოწმებული, დაზუსტებული ინფორმაციით ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სოფელი ისევ უშუქოდაა.
კომპანიის ჩოხატაურის ოფისის მენეჯერი ვანო ჭარბაძე გვიმტკიცებს, რომ ზოტში და ჩხაკაურაში შუქი ჩაირთო, თუმცა, ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ იქ მცხოვრები ადამიანები.
სოფელ ზოტის მაჟორიტარი დეპუტატის უშანგი ართმელიძის თქმით კომპანიიდან მოწოდებული ინფორმაცია სიმარრთლეს არ შეესაბამება და ზოტელები ორი დღეა შუქის მოლოდინში არიან.
ჭარბაძე ამბობს, რომ კომპანიის თანაშმრომლები მთელი დღეა მუშაობენ და აღდგენითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს:
_ მეც სამსახურში ვარ და ყველა ჩემი თანამშრომელი დაზიანებულ ობიექტებზეა გასული. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ახალ წელს არცერთი ოჯახი არ დარჩეს ელექტროენერგიის გარეშე, _ ამბობს ჭარბაძე.