მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულებისა და ახალი ბიუჯეტის პარამეტრების დამტკიცების შესახებ საკითხებზე მსჯელობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებზე უკვე რამდენიმე დღეა, მიდის. სწორედ მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულებაზე ეკიდა 2016 წლის ბიუჯეტის ბედიც და რამდენიმე კომისიამ საკმაოდ მწვავე შეფასებები გააკეთა ამ თემაზე. თუმცა, მთავრობის მიერ საკმაოდ ბუნდოვანი დასაბუთებით 200 ათასი ლარის გამოყოფის შემდეგ, უმრავლესობას ბიუჯეტზე "გული მოუბრუნდა" და ეს რომ ასეა, კომისიებს შორის ყველაზე ბოლოს ჩატარებულმა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომამ აჩვენა.
უნდა ითქვას, რომ ალეკო სარიშვილის კომისიას საკმაოდ ნაყოფიერი მსჯელობა გამოუვიდა და, საბოლოოდ, ყველა საკითხის თუ პარამეტრის შეჯერება მოხერხდა, მაგრამ რა დოზით გაითვალისწინებს აღმასრულებელი ხელისუფლება, ამას სამშაბათის საკრებულო სხდომა წარმოაჩენს.
დეპუტატებს არსებული საფინანსო პარამეტრების შესახებ ინფორმაცია გამგეობის საფინანსო სამსახურის განყოფილების უფროსმა ნინო კიკვაძემ მიაწოდა. მისი თქმით, მიმდინარე ბიუჯეტში გარკვეული ცვლილებები მოხდა:
"მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 200 ათასი ლარი გამოგვიყო მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად, რითაც შემცირდება ადგილობრივ შემოსავალში გაწერილი არაფინანსური აქტივობებიდან შემოსავალი. ამის გარდა, საკრებულოს ხარჯების 10 ათასით, გამგეობის 30 ათასით, წყლისა და გარეგანათების რვა ათასით შემცირების ხარჯზე გაიზარდა რამდენიმე ა(ა)იპ-ის დაფინანსება. კერძოდ, "კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებას" _ 25 ათასი ლარით, "ტექსერვისს" _15 ათასი ლარით, ხოლო ბავშვთა საფეხბურთო და გოგონათა საფეხბურთო-სარაგბო სკოლებს _ 4000-4000 ლარით. დაანონსებული სეკვესტრი არ გახორციელდება, უბრალოდ, მოხდება თანხების ადგილმონაცვლეობა", _ თქვა ნინო კიკვაძემ.
კომისიის ოპოზიციონერმა წევრმა გია გოგუაძემ გარკვეული შენიშვნები გამოთქვა: "რომ არა ეს 200 ათასი ლარი, ცნობილი იყო, რომ ხელფასს ვერ მიიღებდნენ შტატგარეშეები, კულტურისა და გოგონათა საფეხბურთო-სარაგბო სკოლის თანამშრომლები. რაც შეეხება "ტექსერვისს", რომ არა ეს თანხები, საახალწლო განათებები "პოსლეზე" უნდა გაკეთებულიყო? არადა, საახალწლო თანხები ჯერ კიდევ წლის დასაწყისში უნდა ყოფილიყო ასახული ბიუჯეტში", _ თქვა გოგუაძემ და იკითხა, თუ რამდენია ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი ამ ეტაპზე.
აღმოჩნდა, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულება 90%-ს გადაცდა, რა თქმა უნდა, ამ 200 ათასის გამო.
კომისიის წევრმა კახა გუჯაბიძემ რელიგიის დაფინანსების საკითხი წამოჭრა: _ არის თუ არა რელიგია პრიორიტეტი მუნიციპალიტეტისთვის? _ იკითხა გუჯაბიძემ, რაზეც ალეკო სარიშვილმა უპასუხა, რომ რელიგიის დაფინანსება მუნიციპალიტეტის ვალდებულება საერთოდ არ არის, მაგრამ არასდროს არ წასულან ამის წინააღმდეგ. გუჯაბიძე გოგონათა რაგბის დაფინანსებითაც დაინტერესდა, იყო თუ არა პრიორიტეტი. რაზეც სარიშვილმა თავის დროზე ამ ა(ა)იპის დაფინანსების საკითხი შეახსენა: "მე ამის წინააღმდეგი ვიყავი, თქვენ კი რატომ არ ამიბით მხარი?" _ უთხრა სარიშვილმა.
რელიგიის თემა სასულიერო გიმნაზიის, როგორც მიმდინარე, ასევე მომავალი წლის სუბსიდირების საკითხით გაგრძელდა და კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, წლის ბოლომდე გიმნაზიას 5 ათასი ლარი გამოეყოს, მომავალ წელს კი 20 ათასი ლარი.
ამას გარდა, საფინანსო სამსახურს დაევალა, მომავალი წლის ბიუჯეტში 5 ათასი ლარით გაიზარდოს სკრინინგის პროგრამის დაფინანსება, რომელიც დეპუტატებმა ერთხმად გაიზიარეს. ითქვა, რომ სკრინინგის ცენტრმა ლანჩხუთელ ქალბატონთა გამოკვლევებზე 200 ათასი ლარი დახარჯა და სირცხვილი იქნება ეს თანხა რომ არ გამოვყოთო.
2016 წლის ბიუჯეტზე მსჯელობა კომისიის თავმჯდომარემ იმ შენიშვნით დაიწყო, თუ რატომ შეიცვალა გარკვეული პარამეტრი მას შემდეგ, რაც შესწორებული ვარიანტი შევიდა საკრებულოში. საუბარია საკუთარი შემოსავლების მუხლზე, რომლის მაჩვენებელი პროექტით, 3 958 200 ლარი იყო, ხოლო კომისიის სხდომაზე შემოსულ დოკუმენტში ის შემცირებულია 441 ათასი ლარით.
_ ფინანსთა სამინისტრომ რჩევა მოგვცა ეს მაჩვენებელი შეგვემცირებინა და ცვლილებაც ამიტომ მოხდა, _ თქვა კიკვაძემ.
გია გოგუაძემ არასერიოზული მიდგომა უწოდა ასეთ ჩასწორებებს და სხვა მრავალი მიზეზის გამოც, 2016 წლის ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა და სარიშვილსაც, მისი თქმით, როგორც საკრებულოს მომავალ თავკაცს, ურჩია, ასევე მოიქცეს: "ეს ბიუჯეტი შენი შესასრულებელი იქნება, შენ იქნები საკრებულოს თავმჯდომარე და ნახავ, რა დღეში ჩავარდები", _ თქვა გოგუაძემ.
ბიუჯეტის თემაზე საკუთარი შენიშვნები გამოთქვეს აკაკი იმნაიშვილმა, თემურ ალექსაიამ, დავით ჩხარტიშვილმა.
ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, მხოლოდ გოგუაძემ დააფიქსირა ღიად, რომ ახალ ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერდა:
"არ შეიძლება ასე გაბერილი საკუთარი შემოსავლების მუხლს მხარი დავუჭირო, საიდან მოგაქვთ არაფინანსურ აქტივებში 700 ათასი ლარი, როცა წელს 100 ათასი ძლივს შეგროვდა. ან ბუნებრივი რესურსებიდან ამდენ თანხას რომ ველით, ეს სწორია? კი, ბატონო, 12 კარიერი ამოქმედდება, მაგრამ ბიუჯეტში შესატანი თანხა 5 წელზეა გათვლილი და გამოდის 250 ათას ლარზე მეტი ერთ წელში არ შემოგვივა. ამას გარდა, უამრავი კითხვაა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ბიუჯეტის შესრულებას და მე ამას მხარს ვერ დავუჭერ", _ განაცხადა გოგუაძემ.
კომისიის უმრავლესობის წევრებმა კი გარკვეული შენიშვნების გათვალისწინებით, საკითხს "მწვანე აუნთეს" საკრებულოს სხდომაზე გასატანად. სამშაბათს გასამართ სხდომაზე გაირკვევა, ბიუჯეტზე ხმის მიცემის უფლება თუ მიეცემა იმ შვიდ დეპუტატს, რომელთაგან 5 _ სხვადასხვა ა(ა)იპ-შია გაფორმებული, ორს კი ბიუჯეტიდან გარკვეული ფინანსური დავალიანება ერგება.