კევინ კიგანი – ინგლისი
ინგლისის ნაკრებისა და გერმანული "ჰამბურგის" ლეგენდამ, "პუდელად" წოდებულმა, კევინ კიგანმა 1979 წელს ვიდეოკლიპი გადაიღო რომანტიკულ სიმღერაზე – Head Over Heals in Love და თავისი საშინელი ვოკალით გააკვირვა ქომაგები. სიმღერის ავტორი ცნობილი კომპოზიტორი და შემსრულებელი კრის ნორმანი იყო. კიგანის ბალადამ ინგლისურ ჩარტებში 31-ე პოზიცია, ხოლო გერმანიაში მეათე ადგილი დაიკავა.
ალექსი ლალასი – ამერიკის შეერთებული შტატები
ამერიკის შეერთებული შტატების ექსცენტრიკულმა მცველმა, 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი უჩვეულო იერით განთქმულმა ალექსი ლალასმა სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, წარმატებული კარიერა აიწყო მუსიკალურ სფეროში. ლალასი ქანთრის სტილში გამოდიოდა და ორი სოლო ალბომი ჩაწერა. გარდა ამისა, ფეხბურთელს გასტროლები ჰქონდა ამერიკის შტატებში.
პოლ გასკოინი – ინგლისი
სანამ საბოლოოდ გალოთდებოდა, ქარიზმატულმა გაზამ, ანუ პოლ გასკოინმა, ინგლისის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ნახევარმცველმა, ჯგუფ Lindisfarne-თან ჰიტური კომპოზიცია – Fog on the Tyne Revisited ჩაწერა. სიმღერა ბრიტანეთის კუნძულებზე, ადგილობრივ ჩარტებში, მეორე ადგილზე გავიდა და მელომანთა მოწონება დაიმსახურა.
პელე – ბრაზილია
პლანეტის ნომერ პირველი ფეხბურთელი, ისევე ვირტუოზულად ფლობს გიტარას როგორც ბურთს. ედსონ არანტეს დუ ნასიმენტოს სამშობლოში რამდენიმე ალბომი აქვს გამოშვებული სამბას სტილში.
ენდი კოული – ინგლისი
1999 წელს "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდმა, ენდი კოულმა ჩაწერა სინგლი – Outstanding, თუმცა კოულის ვოკალური მონაცემები აშკარად ჩამოუვარდებოდა მის ბომბარდირულ თვისებებს – სიმღერა, გარდა იმისა, რომ ინგლისური ჩარტების ტოპ-40-შიც კი ვერ მოხვდა, ასევე ბოლო გამოდგა დამწყები მუსიკოსისთვის.